„არაფერი შეცვლილა, იმაზე მეტად ვართ გაბრაზებულები, იმაზე მეტად ვართ გაძლიერებულები ვიდრე მანამდე. არ უნდა დავთმოთ, ეს ბრძოლა მოსაგებია“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის დედამ.
ქეთი ბეგიაშვილი გადაცემაში „დღის თემა“ ჯანდაცვის მინისტრის დღევანდელ განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ მინისტრი ორაზროვნად საუბრობს და მისი სიტყვები არაფრის მომცემია.
„ზუსტად 4 თვის განმავლობაში მესმოდა მსგავსი საუბარი. რა რეაბილიტაციაზე საუბრობენ. სად იყვნენ აქამდე, რატომ არ ახსოვდათ ბავშვები. ჩემი შვილი ისე გავზარდე რეაბილიტაცია იყო, თუ ოპერაციები იყო არ შემიწუხებია არავინ. რომ დაგვპირდნენ ჩვენი შეხვედრის ჩანაწერს აუცილებლად გადმოგცემთო რატომ არიან ჩუმად და არ გვაძლევენ. ჯანდაცვის სამინისტრო ტყუის, როცა ამბობს, რომ ხელი ეშლება ამ ხმაურში, ჩვენ ძალიან ცივილურად დავდიოდით შეხვედრებზე, მაგრამ ეს იყო წყლის ნახვა“ – განაცხადა აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის დედამ.
შეგახსენებთ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ხმაურისა და დაძაბულობის ფონზე პროცესის გაგრძელება რთულია.
„ჩვენ დღესაც მზად ვართ, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებს დიაგნოსტიკა თუ მკურნალობა დავუფინანსოთ, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, რადგანაც არსებობს სხვა და სხვა ქვეყნის გამოცდილება და „ვოზორიტიდთან“ მიმართებაში კითხვები, ამიტომ საბჭო მსჯელობს, რომ შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი საკითხის მოგვარებას „არ წაადგება“. მან მშობლებს კონსტრუქციულ ფორმატში მუშაობისკენ მოუწოდა. მინისტრ აზარაშვილის განცხადებით, სამინისტროს „კარი ღიაა“ და ნებისმიერ მხარეს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა, რომ ნებისმიერი ფორმატის სამუშაო ჯგუფებში და ასევე, განხილვის პროცესში ჩაერთოს.