ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მონაწილე სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია გამოაქვეყნეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკრაინა ალიანსის წევრობის შეუქცევად გზაზე დგას.
„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის უფლებას აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. უკრაინის მომავალი ნატოშია. უკრაინა სულ უფრო მეტად თავსებადია და პოლიტიკურად ინტეგრირებული ხდება ალიანსთან.
ჩვენ მივესალმებით იმ კონკრეტულ პროგრესს, რომელსაც უკრაინამ მიაღწია ვილნიუსის სამიტის შემდეგ საჭირო დემოკრატიის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების რეფორმებზე.
რადგან უკრაინა აგრძელებს ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმეს, ჩვენ გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევად გზაზე, ნატოში გაწევრიანების ჩათვლით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის მონაწილე სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში საქართველოზეც არის საუბარი.
„რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომზე ერთპიროვნული პასუხისმგებლობა ეკისრება, რაც საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაერო-ს წესდების უხეში დარღვევაა. რუსული ძალებისა და ოფიციალური პირების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა, ომის დანაშაულები და საერთაშორისო სამართლის სხვა დარღვევები არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს.
ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილზე პასუხისმგებელი რუსეთია და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უზარმაზარი ზიანი მიაყენა. ჩვენ უკრაინელ ხალხზე რუსეთის საზარელ თავდასხმებს მკაცრად ვგმობთ, მათ შორის საავადმყოფოებზე, 8 ივლისს.
რუსეთმა ეს ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს და მთლიანად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები უკრაინიდან, გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისად. ჩვენ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის უკანონო ანექსიას, არასდროს ვაღიარებთ.
ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული“, – ნათქვამია დეკლარაციის მე-17 პუნქტში.
NATO-ში საქართველოს ელჩის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, „NATO-ს პოლიტიკური დეკლარაცია წარმოადგენს ვაშინგტონის სამიტის უმთავრეს პოლიტიკურ დოკუმენტს, სადაც კონკრეტიკაში არ ჩასულან ალიანსის წევრები, აქ იყო ზოგადი ხასიათის პოლიტიკური განაცხადი იმ საიუბილეო სამიტთან დაკავშირებით, რომელიც მიეძღვნა ნატო-ს დაარსებიდან 75 წლის იუბილეს“
„დეკლარაცია დაკავშირებულია იმასთან, რომ ნატო მაქსიმალურად უნდა გახდეს ქმედითუნარიანი და თავსებადი საკუთარ კრიტერიუმებთან, უნდა იყოს უფრო მედეგი, წინ აღუდგეს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს და მაქსიმალურად დაეხმაროს უკრაინას, რათა იგი არ დამარცხდეს რუსეთთან ომში.
ამასთან, მესამე საკითხი არის გლობალური პარტნიორობა. მადრიდისა და ვილნიუსისგან განსხვავებით, ეს არ იყო მრავლისმომცველი, დეტალური კომუნიკე, სადაც კონკრეტულად და დეტალურად ნებისმიერ რეგიონზე, ქვეყანასთან მიმართებაში იწერებოდა უსაფრთხოებასთან ან რაიმე სხვა თემატიკასთან დაკავშირებული თემები.
ეს იყო მოკლე სახის დეკლარაცია, რომელიც 40 თავისგანაც კი არ შედგება მაშინ, როცა კომუნიკე 60-70-80 და უფრო მეტიც გვქონია. აქედან გამომდინარე, განზოგადებული იყო ყველა თემა. პრეზიდენტმა ბაიდენმა და ამერიკულმა მხარემ არ მიიჩნიეს საჭიროდ ამგვარ დეტალებში ჩაძრომა ყველა საკითხთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, საქართველოც არ იყო გამონაკლისი და არ იყო ნახსენები მომავალი პოლიტიკური გეგმები, როგორც ალიანსის, ისე ჩვენი ქვეყნის.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო თავის ღირსეულ და სათანადო ადგილს დაიკავებს თავის ევროატლანტიკურ სივრცეში, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, სტრატეგიულ მოკავშირეებთან ერთად. დარწმუნებული ვარ, წარმატებით გავართმევთ თავს უახლოეს მომავალში“, – განაცხადა დოლიძემ.
ცნობისთვის, ვაშინგტონში ნატოს სამიტი გრძელდება. ალიანსის ლიდერები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 75 წლის იუბილეს აღნიშნავენ. სამიტი 11 ივლისს დასრულდება.