უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს – დავით გობეჯიშვილს უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცები სამხედრო პატივით ემშვიდობებიან.
გარდაცვლილი მებრძოლი კიევის მაცხოვრის სახელობის ტაძარში გადაასვენეს.
ვიდეოკადრებს ავრცელებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ასევე, უკრაინაში იბრძვის.
ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი 26 მარტს, შეტაკებების დროს ქალაქ ირპენთან დაიღუპა.
გობეჯიშვილი უკრაინაში მოხალისედ 4 დღის ჩასული იყო, ის უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბატალიონში ჩაეწერა.
დავით გობეჯიშვილი, რომელიც სოხუმიდან დევნილი იყო, ტყიბულში ცხოვრობდა.
მტრის წინააღმდეგ იბრძოდა აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომებშიც.
შეგახსენებთ, უკრაინაში მიმდინარე ომს უკვე ოთხი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
მებრძოლები დავით რატიანი და გია ბერიაშვილი, რომლებიც საქართველოში ჩამოასვენეს, 26 მარტს სამხედრო პატივით დაკრძალეს.
კიდევ ერთი მებრძოლის – ბახვა ჩიქობავას ცხედარი ქალაქ მარიუპოლშია დასვენებული.