უკრაინის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დმიტრო ჟივიცკი აცხადებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსი დამპყრობლებისგან სუმის ოლქიც მთლიანად გაათავისუფლეს. მისივე განცხადებით, მაშველები რუსი სამხედროების მიერ დატოვებულ საბრძოლო მასალას ანეიტრალებენ.
ჟივიცკიმ მოსახლეობას მოუწოდა, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგან სუმის ოლქის ტერიტორიის დიდი ნაწილი, შესაძლოა, დანაღმული იყოს.
„რეგიონის ტერიტორია თავისუფალია ორკებისგან, ამიტომ თუ გესმით აფეთქებები (და ძალიან ბევრი იყო ბოლო დღეებში), ეს მაშველები და ტექნიკოსები მუშაობენ. ისინი ანეიტრალებენ რუსი სამხედროების მიერ დატოვებულ საბრძოლო მასალას. არ გადახვიდეთ გზის პირას და არ გამოიყენოთ ტყის გზები. ნუ მიუახლოვდებით განადგურებულ აღჭურვილობას ან ორკების ბანაკებს! მე ვიცი, რომ იქ ყველაფერი საშინელებაა, მაგრამ ჯერ არ არის გაწმენდის დრო“, – მიმართა მან რეგიონის მოსახლეობას.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოკუპანტებისგან მთლიანად არის გათავისუფლებული კიევის, ჟიტომირისა და ჩერნიგოვის ოლქები.