„რუსეთის სარდლობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკან დახევის დროს, ტერაქტების სერიას ამზადებს“, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ და რამდენიმე სავარაუდო სცენარს ასახელებენ.
როგორც უწყებაში ვარაუდობენ, რუსმა სამხედროებმა უკან დახევის დროს, შესაძლოა აფეთქებების სერია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მოაწყონ.
„სავარაუდოა, რომ უკან დახევის დროს მტერმა, გარდა მასობრივი ევაკუაციისა, შეიძლება მიმართოს ტერორისტულ თავდასხმებს და საცხოვრებელი ტერიტორიები ააფეთქოს, ასევე დროებით ოკუპირებული ტერიტორიები გადააქციოს გადამწვარ მიწად, დააზიანოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ გენერალმა ალექსეი გრომოვმა.
მისივე თქმით, რუსეთის ბოლოდროინდელი პროვოკაციების გათვალისწინებით და „ბინძურ ბომბზე“ გახშირებული საუბრის გამო, უკრაინის გენერალური შტაბი არ გამორიცხავს, რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ააფეთქონ, რათა ის საბოლოოდ გამოიყვანონ მწყობრიდან და ადგილობრივი ტექნოგენური კატასტროფის პროვოცირება მოახდინონ, რასაც შემდეგ რუსები უკრაინას დააბრალებენ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში