LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის კრიზისის ფონზე, გერმანიამ რუსულ გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს” სერტიფიკაცია შეუჩერა

106
1

რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, გერმანია საპასუხო ნაბიჯების გადადგმას იწყებს და რუსულ გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკად 2-ს” ლიცენზიას უჩერებს.

როგორც გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, ეს არის გადაწყვეტილება რუსეთისგან სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ორი რეგიონის აღიარების საპასუხოა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა გუშინ აღიარა.

რაც შეეხება თავად გაზსადენს – პროექტი “ჩრდილოეთის ნაკადი 2” რუსეთის 11 მილიარდი დოლარის ღირებულების გაზსადენია და მან გაზი გერმანიას რუსეთის არქტიკის რეგიონიდან, ბალტიის ზღვით, უკრაინის გვერდის ავლით უნდა მიაწოდოს.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებდა, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი 2” უკრაინის უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენდა.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, გასული წლის ივლისში აშშ-სა და გერმანიას შორის შეთანხმება შედგა – მაშინ გერმანიამ ვალდებულება აიღო – რომ თუ რუსეთი შეეცდება, ენერგომატარებელი უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს, ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს – საჭირო ზომები მიიღოს.

საჭირო ზომები კი გულისხმობდა სხვადასხვა ბერკეტის გამოყენებას, მათ შორის, სანქციების დაწესებას.

magti 5g