უკრაინული მედიის ცნობით, შსს-ს ხელმძღვანელის მრჩეველი, ვადიმ დენისენკო დარწმუნებულია, რომ რუსი ოკუპანტები უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებთან ბრძოლებში „ჩახრჩობენ“ და დასახულ მიზნებს ვერ მიაღწევენ.
„ისინი შეეცდებიან გააკეთონ ეგრეთ წოდებული მცირე გარსი. დიდი ალყა, რისი გაკეთებაც მათ სურდათ – მთელი ჩვენი დაჯგუფების გარემოცვა დონბასში – ამ დროისთვის უკვე არარეალურია, განსაკუთრებით ჩვენი კონტრშეტევის შემდეგ ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხარკოვის ოლქში. ახლა ისინი კონცენტრირდებიან სევეროდონეცკში“, – ხაზგასმით აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა.
მარიუპოლში შექმნილი ვითარების კომენტირებისას კი, დენისენკომ აღნიშნა, რომ მტრის მთავარი ამოცანაა „აზოვსტალის“ ქარხნის ხელში ჩაგდება.
„აზოვსტალზე“ ყველაფერი ნათელია. სამწუხაროდ, მათი ერთადერთი ამოცანაა „აზოვსტალის“ აღება. სხვა აღქმა აქ ჯერჯერობით არ არსებობს, მიუხედავად ყველა მცდელობისა, თუნდაც სუპერ ძალისხმევისა, როგორც პრეზიდენტის, ასევე მთელი ჩვენი დიპლომატიის და მათი ახლობლებისა. ვინც ახლა „აზოვსტალში“ იმყოფებიან, სამწუხაროდ, ამ დროისთვის პუტინის პირადი გადაწყვეტილებაა არაფერი შეცვალოს“, – განაცხადა დენისენკომ.
როგორც UNIAN იტყობინება, მარიუპოლის აზოვსტალის კატაკომბებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შემდეგ, რუსული ჯარები აგრძელებენ მცდელობებს დაიკავონ ქარხანა, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები იცავენ.
15 მაისის მონაცემებით, „აზოვსტალის“ დამცველებს შორის 600 დაჭრილი იყო, მათგან 40 მძიმე მდგომარეობაში იყო.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა რუსეთს სთავაზობს უკრაინელი ჯარისკაცების „აზოვსტალიდან“ გაყვანის სხვადასხვა მექანიზმებს, მიმდინარეობს ძალიან რთული და დელიკატური მოლაპარაკებები.