უკრაინის თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები, რომელთა წარმომადგენელთა აბსოლუტურ უმრავლესობას ახალგაზრდა წვევამდელები შეადგენენ, გამოფიტულნი არიან წინა სამხედრო წვრთნებით და მათი მორალური, ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაცემულია.
ამასთან სამინისტროს ცნობით, ოკუპანტების მთავარ ტაქტიკად რჩება პატარა ქალაქებში, სოფლებსა და მაგისტრალებზე გადაადგილება და მათი აღება.
„რუსმა ოკუპანტმა შეამცირა შეტევის ტემპი, მაგრამ მაინც, გარკვეული თვალსაზრისით, ახერხებს წარმატების მიღწევას უკრაინის წინააღმდეგ შეტევითი ოპერაციის დროს. რუსი აგრესორების ჯავშანტექნიკამ შეამცირა უკრაინის ტერიტორიაზე წინსვლის ტემპი. მტრის ჯარები, რომლებიც მოკლებულია საწვავისა და საბრძოლო მასალის დროულ მიწოდებას, ჩერდებიან.
საოკუპაციო ძალები, რომელთა წარმომადგენელთა აბსოლუტურ უმრავლესობას ახალგაზრდა წვევამდელები შეადგენენ, გამოფიტულნი არიან წინა სამხედრო წვრთნებით და მათი მორალური, ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაცემულია. არსებული ინფორმაციით, არსებობს დეზერტირობის, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების მიერ უარის თქმის ფაქტები უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობასა და ჩაბარებაზე.
ოკუპანტების მთავარ ტაქტიკად რჩება პატარა ქალაქებში, სოფლებსა და მაგისტრალებზე გადაადგილება და მათი აღება. მშვიდობიანი მოსახლეობის, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების, ეროვნული გვარდიისა და ეროვნული პოლიციის ძლიერი წინააღმდეგობის გამო, დიდ ქალაქებზე კონტროლის მოპოვების მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა.
რუსი ოკუპანტები დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების აქტიურად გამოყენებით, ანადგურებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას დიდ ქალაქებში,”- აღნიშნულია განცხადებაში.