ოპოზიციონერი დეპუტატი ნონა მამულაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას მიმართავს, ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან საპატიმროში შესვლის უფლება მისცეს.
“კუჭავა კაბინეტში ჩაიკეტა და მემალება – წარმოუდგენელია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პირად ხუშტურებზეა დამოკიდებული, შევა თუ არა დეპუტატი პრეზიდენტის მოსანახულებლად”, – ამბობს მამულაშვილი.
ის ვარაუდობს, რომ მიზეზი შესაძლოა, დასავლელ პარტნიორებთან მისი პირდაპირი კავშირებია.
“პირველად 4 ოქტომბერს მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ უფლება მომცეს შევიდე და მოვინახულო მესამე პრეზიდენტი. უკვე 24 დღეა გასული, მას შემდეგ რაც პარლამენტის თავმჯდომარე პირადად მე არ მაძლევს ნებართვას, რომ მოვინახულო პრეზიდენტი პირადად და ვნახო, ჯანმრთელობის როგორი მდგომარეობა აქვს, რადგან მან კარგად იცის, რომ მე პირდაპირ ვეკონტაქტები ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და სავარაუდოდ, არ აქვთ სურვილი, რომ მე ვნახო პირადად სააკაშვილი, გავესაუბრო და გადავცე ამის შესახებ დასავლელ პარტნიორებს.
ახლა ვიყავი კუჭავასთან კაბინეტთან და როგორც ჩანს, ის ჩაიკეტა იქ და მემალება. ჩემი, როგორც დეპუტატის უფლებები ილახება და ეს არის წარმოუდგენელი, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პირად ხუშტურებზეა დამოკიდებული, შევა თუ არა დეპუტატი პრეზიდენტის მოსანახულებლად”,- განაცხადა მამულაშვილმა.