 
															რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, ირაკლი ნატროშვილი სტუმრობდა. სტუმარმა გადაცემაში ისაუბრა კონფერენციაზე, რომელიც სამედიცინო განათლებას და ამ საკითხზე გასამართ მასშტაბურ კონფერენციას შეეხებოდა.
რა ღონისძიებაზეა საუბარი, რა რა დატვირთვა აქვს ზოგადად მსგავსს კონფერენციებს სამედიცინო განათლების სისტემისთვის?
მოგეხსენებათ, უმაღლესი სამედიცინო განათლება საქართველოში დაიწყო 1918 წლიდან, როდესაც ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში შეიქმნა მედიცინის ფაკულტეტი, შემდეგ ეს ფაკულტეტი უკვე გამოეყო ცალკე თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის სახით, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს და ეს არის უკვე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. ეს უნივერსიტეტი ათწლეულების განმავლობაში არის ფლაგმანი საქართველოში სამედიცინო განათლებისა. საქართველოში და არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე ქართველი ექიმების და ზოგადად სამედიცინო პერსონალის 95% მეტი არის ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, შესაბამისად ეს არის მართლაც განათლების კერა, სადაც სამედიცინო პროფესიების აკვანი ირწევა.
ვინ, თუ არა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უნდა ჩაატაროს ამ მასშტაბის ფორუმი. ბევრი საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს საქართველოში და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განათლება ამ დარგში იყოს იმ დონეზე, რომ აბსოლუტურად აკმაყოფილებდეს ყველა საერთაშორისო მოთხოვნებს, რასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ გაგრძელდეს საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვა და საქართველოს როლი არ დაკნინდეს უმაღლესი სამედიცინო განათლების სფეროში. შესაბამისად ჩვენმა უნივერსიტეტმა, მე და ჩვენმა გუნდმა გადავწყვიტეთ, რომ ჩაგვეტარებინა დიდი, საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება უმაღლეს სამედიცინო განათლებას და მართლაც ძალიან მასშტაბური ფორუმი გამოდის, რადგან ასეთი მასშტაბის, რომელიც სამედიცინო განათლებას მიეძღვნებოდა არ ჩატარებულა.
რამდენიმე თვის წინ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით ჩატარდა დიდი კონფერენცია უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით, სადაც იყო ბევრი საერთაშორისო სპიკერი, საინტერესოდ წარიმართა. იქ იყო სამედიცინო განათლების ნაწილიც და ამიტომ ესეც ძალიან საინტერესო იყო. ეს კონფერენცია კი ეთმობა უმაღლეს სამედიცინო განათლებას, სადაც მოწვეული გვყავს ძალიან ბევრი საერთაშორისო სპიკერი.
ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის პრეზიდენტი გვეწვევა, რომელსაც მიჰყავს სესია და რამდენიმე მოხსენებას ისიც გააკეთებს. იქნებიან ძალიან საინტერესო სპიკერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან – პორტუგალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ასე შემდეგ.
იქნება საინტერესო მოხსენებები და დისკუსიები. ასევე მოწვეულები არიან და დღეის მონაცემებით დარეგისტრირებულია 255 ადამიანი, რომლებიც ჩართულნი არიან უმაღლეს სამედიცინო განათლებაში სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ის ადამიანები, რომელთაც უშუალოდ ეხებათ უმაღლესი სამედიცინო განათლება. ეს ფორუმი ძალიან წაადგება საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების განვითარებას, ხელს შეუწყობს საქართველოს იმიჯის შენარჩუნებასა და კიდევ უფრო ამაღლებას საერთაშორისო დონეზე.

21 საუკუნეში გლობალიზაციის გამოწვევების წინაშეა სამყარო და არ არის გამონაკლისი სამედიცინო განათლების სისტემა. რა გამოწვევებს გამოყოფდით თქვენ დღევანდელი თქვენი გადმოსახედიდან, როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი?
ეს ეხება როგორც განათლების პროცესის დახვეწას, სრულყოფას, ასევე ეხება განათლების პროცესის ურთიერთობას და სოციალიზაციას. ეს გამოწვევები ძალიან მწვავე გახდა საქართველოში, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებში. ჩეხეთში საიდანაც მე ცოტა ხნის წინ ჩამოვედი, ჩატარდა ევროპის უმაღლესი სამედიცინო განათლების ასოციაციის ყრილობა და იქაც გაჟღერდა ეს გამოწვევები. მაგალითად ნდობა პაციენტისა ექიმის მიმართ. ჩვენ კი ვიცით ჩვენს რეალობაში, რომ საქართველოში გარკვეულწილად დაკარგულია ნდობა ექიმისადმი, პაციენტის მხრიდან, თქვენ წარმოიდგინეთ, ანალოგიური პროცესები ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაშიც მიმდინარეობს.
ევროპელმა კოლეგებმა მოგვაწოდეს სტატისტიკური მონაცემები, რომ თუ მაგალითად რამდენიმე წლის წინ იყო ნდობის კოეფიციენტი 58%, დღეს ეს კოეფიციენტი დაცემულია და დაახლოებით 40%-ის ფარგლებშია. ეს გახლავთ სამედიცინო განათლებისთვის დიდი გამოწვევა. ექიმის მიმართ ნდობის გაზრდისთვის მთელი კომპლექსია ღონისძიებებისა და ეს ეხება როგორც უშუალოდ განათლებას და პროფესიონალიზმის ამაღლებას, ასევე ეხება ურთიერთობას, რადგან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია.
ამერიკაში მაგალითად ექიმის კონსულტაციაზე გამოყოფილია 15 წუთი, რაც არ არის საკმარისი, რადგან 15 წუთში პაციენტის გასინჯვაც უნდა მოასწროს ექიმმა, მოსმენა უნდა მოასწრო, დიაგნოზიც უნდა დასვა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი განუმარტო პაციენტს მისთვის გასაგებ ენაზე.
როგორც ბავშვთა ნევროლოგს მე ნამდვილად არ მყოფნის 15 წუთი, რადგან თუ არის ნერვული სისტემის ორგანული დაზიანება, ეს ნიშნავს, რომ გვაქვს საქმე ისეთ ნოზოლოგიებთან, რომელიც ქრონიკულ პრობლემებს იწვევს ბავშვებში და ეს არის ძალიან სათუთი თემა. ყოველთვის ვცდილობ, რომ რაც შეიძლება ფრთხილად მივუდგე ამ საკითხს, ამიტომ ეს დრო (15 წუთი) ძალიან ცოტაა. ამიტომ მე დროს არასოდეს არ ვზღუდავ. მე შეიძლება ბავშვის გასინჯვას დავუთმო მთელი დროის 10% და მშობლებისთვის ახსნას და საუბარს 80-90%. იგივეა სხვა ნოზოლოგიებში, მაგალითად ონკოლოგიური ან ქირურგიული მდგომარეობები…
ამიტომ ჩვენი მიზანია ვასწავლოთ კარგი კომუნიკაცია, ჩვენმა სტუდენტებმა უნდა იცოდნენ, რომ პაციენტს მაქსიმალურად დეტალურად უნდა მიაწოდონ ინფორმაცია და მაქსიმალურად მოთმენით უნდა მოუსმინონ მას.

ბატონო ირაკლი, როგორ ფიქრობთ, ამ საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ეს იქნება მოსმენა ჩვენი უცხოელი პარტნიორების, მათი გამოცდილების გაზიარება და ასე შემდეგ, თუ ეს იქნება თანაბარ პირობებში ურთიერთ გაზიარება საინტერესო ინფორმაციებისა და მოსაზრებების?
საქართველომ ამ პერიოდში ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა უმაღლესი სამედიცინო განათლების, გვაქვს ძალიან ბევრი უნივერსიტეტი, რომელიც ჩართულია უმაღლეს სამედიცინო განათლებაში, გვყავს ძალიან ბევრი საერთაშორისო სტუდენტი – ქართველი სტუდენტები და საერთაშორისო სტუდენტები.
საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა გლობალურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრად უფრო მეტია, ვიდრე საქართველოს მოქალაქე სტუდენტების რაოდენობა, შესაბამისად ის გამოცდილება, რომელიც ამ წლების განმავლობაში დაგროვდა სხვა და სხვა უნივერსიტეტებსა და ინსტიტუციებში არის ძალიან დიდი და ამიტომ ძალიან ბევრი საერთაშორისო სპიკერი იქნება, მოხსენებები იქნება ძალიან საინტერესო.
ზაფხულში, ბარსელონაში ჩატარდა უმაღლესი სამედიცინო განათლების ფორუმი, სადაც ძალიან ბევრი ქართველი სამედიცინო სპიკერი იყო, რომელთაც დიდი ყურადღებით უსმენდა მსოფლიო საზოგადოება. ამიტომ ჩვენ სათქმელი გვაქვს, გვაქვს მომზადებული კარგი მოხსენებები, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლებსაც, ისევე როგორც სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებსაც, განათლების სამინისტროსაც, განათლების ხარისხის მართვის ცენტრსაც, ამიტომ მე ვთვლი, რომ ძალიან საინტერესო მოხსენებები იქნება ქართველი სპიკერების მხრიდანაც.
ჩვენ არანაირ ჰონორარს არ ვუხდით უცხოელ სტუმრებს ჩამოსვლისთვის, ამდენად მათთვის საინტერესოა ჩვენი გამოცდილების გაზიარება.

რა მოლოდინები გაქვთ ამ მასშტაბური ორდღიანი სამეცნიერო ღონისძიებიდან და გახდება თუ არა სისტემატური ამ ტიპის ღონისძიებები ისევ და ისევ თქვენი უნივერსიტეტის ეგიდით?
ნამდვილად გვინდა, რომ გახდეს სისტემატური და პერმანენტულად ეს ჩავატაროთ. როცა რამდენიმეს ჩავატარებთ, შემდეგ უკვე შეგვეძლება ვისაუბროთ ტრადიციად ჩამოვაყალიბოთ თუ არა. მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენც მივიღებთ ახალ ინფორმაციებს და ჩვენც გავუზიარებთ, რადგან ამ სფეროში სულ მუდმივად არის ცვლილებები. რაც მე გავხდი რექტორი, ჩვენთან რაღაც გარკვეული ცვლილებები უკვე შევიტანე უმაღლეს სამედიცინო განათლებაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მანამდე რამე ცუდი იყო და მე გავაუმჯობესე – არა, უბრალოდ დრო ითხოვს ცვლილებების განხორციელებას.
წლების შემდეგ სულ საჭიროა ცვლილებები და განახლებები და მეც მაინტერესებს ის ცვლილებები, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ, რამდენად და როგორ შეხედავენ ამას ჩვენი უცხოელი პარტნიორები და კოლეგები. ამდენად, იქნება ძალიან საინტერესო ფორუმი საქართველოს მოქალაქეებისთვისაც და ჩვენი უცხოელი კოლეგებისთვის.