LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმამო ბიჭი მოულოდნელად გამოწვეულმა შიშმა ლოგინს მიაჯაჭვა, თუმცა, მისი ცხოვრება ხელოვნებამ რადიკალურად შეცვალა – ხეზე კვეთის ოსტატი, ცაცა-გიორგი ზულიაშვილი

865
page

ახალგაზრდა მამის გარდაცვალების ამბავი რომ მოიტანეს, იქვე მოთამაშე ბავშვი ყველას დაავიწყდა. ქალების კივილმა და შეცხადებამ, პატარა, უკვე უმამო ბიჭი, მოულოდნელად გამოწვეულმა შიშმა და ელდამ  მოგვიანებით, საკმაოდ დიდი ხნით ლოგინს მიაჯაჭვა. დიაგნოზი პოლიომიელიტი იყო.. დედამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ის  მხოლოდ ფიზიკურად  კი არა, მორალურად გაძლიერებულიყო, იქიდანვე საკუთარი თავის რწმენა არ დაეკარგა. ვიდრე სიარულს შეძლებდა, ხელში ფურცელი და ფანქარი დააჭერინა და საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება ასწავლა.

რუბრიკის სტუმარია მანაველი ხელოვანი,  ხის მხატვრული დამუშავების ოსტატი, ცაცა-გიორგი ზულიაშვილი.

ბატონო გიორგი, ზემოთ ხსენებული  ამბით მინდა დავიწყოთ ჩვენი ინტერვიუ. როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები?

მთელი დღეები ვხატავდი. ხატვა იმთავითვე შემიყვარდა, დედას გულზე მიკრული ან ზურგზე მიხუტებული დავყავდი, მკურნალობას გავდიოდი. მერე, ნელ-ნელა, ფეხზეც დავდექი, სკოლაში მიმიყვანა, თავადაც სკოლის მასწავლებელი იყო. დედაჩემის მხრიდან უდიდესი მორალური თუ ფიზიკური მხარდაჭერის დამსახურება გახლავთ ის, რომ სრულფასოვან ადამიანად ჩამოვყალიბდი. კარგ გარემოში ვიზრდებოდი. სკოლა ისე დავამთავრე, არასდროს მიგრძნია, რომ რომელიმე ჩემი თანატოლისგან განვსხვავდებოდი. კარგი მოწაფე ვიყავი. სკოლის  დამთავრების შემდეგ, ორი პროფესია შევიძინე.

ახლა თავად ხართ მშობელი, პაპაც ხართ.. ოჯახზე მოგვიყევით..  

ერთად დავბერდით. ორმოცდაექვსი წელია, ერთად ვართ. გვერდით ძალიან კარგი მეუღლე მყავს. ოჯახი ახალგაზრდამ შევქმენი და მას მერე, ჭირსა თუ ლხინში, ერთობით მოვდივართ. სამი შვილი და ორი შვილიშვილი მყავს.

შვილიშვილები ერთი სიმღერის, მეორე ხატვის ნიჭით დააჯილდოვა ბუნებამ და მიხარია. ახლა  მათ მშობლებზეა დამოკიდებული, აქედანვე როგორ მიმართულებას მისცემენ მათ ნიჭს.

ხეში კვეთის, ქართული ჩუქურთმის გაცოცხლების  სურვილი და სიყვარული  როდის მოვიდა?

ხელოვნებისადმი ინტერესი ყოველთვის მქონდა. ხის სიყვარული მოგვიანებით მოვიდა. მანამდე, “ჩიკანკაზე” თუ მიმუშავია. პროფესიით ბიბლიოგრაფი ვარ, როგორც ზემოთ ვთქვი, მეორე პროფესიად საბუღალტრო საქმე დავამთავრე. სულ ვმუშაობდი, ორმოცი წლის ასაკში კი სამსახურის გარეშე დავრჩი. დრო ბევრი მქონდა, წარმოსახვა დიდი და ერთ დღესაც საჭრეთელი ავიღე და მოვსინჯე. მერე აღარ გავჩერებულვარ.

რა შეიძლებოდა, ყოფილიყო თქვენი შთაგონების წყარო?

შთაგონების წყარო შეიძლებოდა უცებ, სადმე ამოკითხული ამბავიც გამხდარიყო. ასე ამოვაჩუქურთმე, მაგალითად, ნიკალა. ამასთან დაკავშირებით წინაპრებისგანაც მსმენია. ისინი ფიროსმანზე, ერთ ეზოში ცხოვრობდნენ. პატარა სახლი ჰქონდათ და ბევრი ძმა იყო. მერე, ჩემი პაპა ქალაქთან ახლოს, სოფლად გადმოსახლებულა. მას შემდეგ აქ ვცხოვრობთ. მიყვარს ჩემი სოფელი. ჩემი მუზა ქართული ფოლკლორია,  სიმღერები, ლექსები.

როგორია ხალხის ემოცია და შთაბეჭდილება, როდესაც ნამუშევრებს ნახულობენ?

მნახველი არ ილევა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში პერსონალური გამოფენაც მქონდა. ხალხი აღფრთოვანებას ვერ მალავდა. მიხარია, რომ აფასებენ. ახლაგაზრდები უნდა დაინტერესდნენ, არ უნდა დაიკარგოს ის, რაც ჩვენია, ქართულია და განსაკუთრებულად ძვირფასია.

თქვენი სოფლის ისტორიულ ციხე-სიმაგრესთან  ახალი გზა გადის. ფიქრობთ, რომ უფრო ბევრი ადამიანი გესტუმრებათ?

ახლა  სოფლის წვერზე მანავის ძველი ციხის მისადგომები აღადგინეს, გზა დააგეს და მომავალში ტურისტები ადვილად შეძლებენ გადაადგილებას. ჩვენც შესაბამისად დავხვდებით. არ ვჩერდები, ახალი ნამუშევრები მაქვს. როცა ტურისტული სეზონი გაიხსნება და მიმოსვლა აღდგება, გამოფენებიც მოეწყობა. მეც ისევ დაველოდები მნახველს. გალერეის გაკეთება იგეგმებოდა და პანდემიამ ხელი შეგვიშალა.

როგორ ირჩევთ მასალას, რამდენი ნამუშევარი გაქვთ, საუკეთესოდ რომელს მიიჩნევთ?

რამე რომ მომეწონება, – ფიცრის ნაჭერი, ხე, ის თვითონ მეუბნებ,ა რაც უნდა გავაკეთო. ასე დავიწყე „განდეგილზე” მუშაობა. ახლა სამოცამდე ნამუშევარი მაქვს. ყველა მათგანი შვილებივით მიყვარს და ვერც ერთს გამოვარჩევ. ძალიან ძვირად არის შეფასებული საუკუნის კაკლის ხისგან გაკეთებული მაგიდა. კაკლის ხეს წყალმა ძირი გამოაცალა და მასალად ის გამოვიყენე, ესეც შთაგონება იყო. ამოყირავებული კაკლის ხის ფესვი თავად მეუბნებოდა, მისგან რომელი ცხოველი თუ ფრინველი გამომესახა. მაგიდის გარშემო ხის ფესვზე თითქმის ყველა ცხოველი და ფრინველია გამოსახული.

რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყანაში. ეს ისეთი ხელობაა მენანება, რომ დიაკარგოს. ხელშეწყობას ვითხოვ, რომ არ დაიკარგოს, პატარებს, მომავალ თაობას უნდა შევასწავლოთ. გალერეა თუ გაიხსნება, იქ ბავშვებსაც მივიღებ.

მადლობელი ვარ იმ ადამიანების, რომელთაც ასე მოსწონთ და აფასებენ ჩემს ხელოვნებას. თითოეული მათგანის გულწრფელი ემოცია, უსაზღვრო სიხარულთან ერთად, დიდ სტიმულს მანიჭებს, შევქმნა მეტი და მეტი. კეთილ სიტყვას დიდი ძალა აქვს, რომელიც ლოცვასავით არის და „მთებსა სძრავს”.

გაიხარეთ და გამიმრავლდით! გენაცვალოთ თქვენი ცაცა-გიორგი, წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g