LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმცროსი ბორჯღალოსნები ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებენ

503
უმცროსი ბორჯღალოსნები

უგულშემატკივრე უმცროს ბორჯღალოსნებს 2024 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც „ბ“ ჯგუფში ირლანდიის, ავსტრალიისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებენ.

ტურნირს 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკა – სტელენბოში და ქეიფთაუნი უმასპინძლებს.

ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი შარშანაც სამხრეთ აფრიკაში გაიმართა, სადაც საქართველომ აქამდე საუკეთესო შედეგი აჩვენა და მე-8 ადგილი დაიკავა. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მომავალი მეტოქეებიდან, შარშან ირლანდიამ ფინალში ითამაშა და იქ ზედიზედ სამგზის ჩემპიონთან, საფრანგეთთან დამარცხდა. ავსტრალიამ მე-5 ადგილი დაიკავა, ხოლო იტალიამ გასავარდნი შეხვედრა მოიგო და მე-11 პოზიციას დასჯერდა.

2024 წლის ჩემპიონატში „ა“ ჯგუფში საფრანგეთი, უელსი, ახალი ზელანდია და ესპანეთი, ხოლო „გ“ ჯგუფში სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, არგენტინა და ფიჯი მოხვდნენ.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 29 ივნისს, 4 და 9 ივლისს გაიმართება – სამივე ჯგუფის გამარჯვებული და საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის ნახევარფინალში გადის; ორი მეორეადგილოსანი და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი მე-5 და მე-8 ადგილებისთვის აგრძელებს ბრძოლას; დანარჩენი ოთხი გუნდი მე-9 და მე-12 ადგილებს გაითამაშებს.

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 2008 წლიდან ტარდება. საქართველომ 2015 წელს, ერთი რანგით დაბალი ტურნირი, 20-წლამდელთა ალაფა მოიგო და 2016 წელს ავიდა ელიტაში. საქართველო ერთადერთი გუნდია, რომელმაც დაწინაურების შემდეგ 12 გუნდიან ელიტაში ადგილი აქამდე შეინარჩუნა. მას შემდეგ ის მუდამ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა და სამჯერ მე-10 ადგილზე გავიდა, ერთხელ მე-9-ზე, შარშან კი მე-8-ზე. 2020-2022 წლებში 20 წლამდელთა ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარდა და ის შარშან აღდგა.

განვლილ პერიოდში 20-წლამდელთა ჩემპიონატიდან საკუთარი ქვეყნების ეროვნულ გუნდში მსოფლიოს მასშტაბით 1550-ზე მეტი მოთამაშე დაწინაურდა, მათგან 32 – მსოფლიოს ჩემპიონი.

თიბისი რაგბის მხარდამჭერი 2015 წლიდანაა. მრავალწლიანი მეგობრობა, უკვე მიღწეულ წარმატებებთან ერთად, მიზნად ისახავს რაგბის განვითარებას, ერთობლივი სოციალური პროექტების განხორციელებას, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების, შიდა ჩემპიონატების და ფესტივალების ხელშეწყობას.

#ერთადგავიმარჯვებთ

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები