„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე, ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტებს სოციალურ ქსელში ჟურნალისტები ეხმაურებიან.
როგორც ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა წერს, მომხდარით ის აღშფოთებულია.
ქარდავა აღნიშნავს, რომ არანაირი „მაგრამ“ არ არსებობს.
„მაკა ჩიხლაძე ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე ძალადობა, თავდასხმა, ფიზიკური ანგარიშსწორება და მუშაობაში ხელის შეშლა მიუღებელია. არანაირი „მაგრამ“ აქ არ არსებობს. მედიის წარმომადგენელმა უნდა იმუშაოს თავისუფლად და მიაწოდოს ინფორმაცია მაყურებელს. მაკას ძალიან ბევრი წელია ვიცნობ. პირველ არხზე ერთად ვმუშაობდით, მისი გულშემატკივარი ვარ და ვიქნები. მაკაზე და მის ოპერატორზე თავდასხმის გარდა, ანალოგიურად ვგმობ ყველა მსგავს შემთხვევას. უმძიმესი ვიდეოა! მაკა, მიიღე ჩემი სოლიდარობა,“ – წერს ქეთევან ქარდავა.
ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს ტელეწამყვანი ნინო თოლორდავაც.
ნინო წერს, რომ ის გმობს ყოველგვარ ძალადობას.
„არა ძალადობას! მაკა ჩიხლაძე, გურამ როგავა, სოლიდარული ვარ თქვენი, ყველა ჟურნალისტის და ყველა ადამიანის მიმართ, ვისაც ძალადობა პირადად შეეხო! ვგმობ ყოველგვარ ძალადობას!“ – წერს ნინო.
ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ეხმაურება სოციალურ ქსელში ია ანთაძე.
როგორც ანთიძე აღნიშნავს, ის ქედს ვიხრი იმ ადამიანების წინაშე, ვინც ახლა ჩვენს ნამდვილად ევროპულ მომავალს ჭედავს.
„სხვებთან ერთად, მეც აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხით – ჟურნალისტებით, ოპერატორებით, მსახიობებით, რეჟისორებით, ქალებით, მამაკაცებით, მამაცი ადამიანებით, რომლებთან ერთად საშვილიშვილო საქმის კეთება დიდი პატივია ყველა პატიოსანი ადამიანისთვის. ქედს ვიხრი თქვენ წინაშე, ვინც ახლა ჩვენს ნამდვილად ევროპულ მომავალს ჭედავთ!“ – წერს ია ანთაძე.
ვიდეო: „ტვ პირველის“ ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს თავს დაესხნენ – კადრები ადგილიდან
როგორია „ტვ პირველის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ექიმის კომენტარი