უმრავლესობის დაშლის პროცესი აბსოლუტურად შეუქცევადია და რაც არ უნდა ეცადოს ბიძინა ივანიშვილი, ის ამის შეჩერებას თავისი მილიარდებით მაინც ვერ შეძლებს, – ასე აფასებს „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე. მისი განცხადებით, დასაფასებელია ე.წ. ამბოხებულთა პოზიცა, თუმცა ის ფაქტი, რომ დღეს ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და სხვები აკრიტიკებენ ირაკლი კობახიძეს და არა ბიძინა ივანიშვილს, შეიძლება იყოს ტაქტიკა.
„სავარაუდოა, რომ ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2020 წელს არ იყოს ისეთი დასუსტებული, როგორც დღეს არის. მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ „ოცნების“ დამფუძნებლებმა გააპროტესტეს სასამართლო სისტემის ისეთი ადამიანების ხელში ჩაგდება, როგორიცაა მურუსიძე და ჩინჩალაძე. ნამდვილად დასაფასებელია მათი პროტესტი, თუმცა ის ფაქტი, რომ დღეს ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და სხვები აკრიტიკებენ ირაკლი კობახიძეს და არა მთავარ შემოქმედს იმ უბედურებისა, რაც ქვეყანაში გვაქვს, შეიძლება იყოს ტაქტიკა. შეიძლება, მათ ჯერ არ სურთ ივანიშვილის ბოლომდე განაწყენება, შეიძლება მათ აქვთ სურვილი ბიძინა ივანიშვილი გადმოქაჩონ სწორ პოზიციაზე, თუმცა ეს ვერსია ცოტა გულუბრყვილოდ მეჩვენება“, – აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
„მე იმედი მაქვს, რომ მომავალი არჩევნები არ იქნება – არჩევნები სააკაშვილის და ივანიშვილის დაპირისპირების ფონზე. საზოგადოება ბოლოს და ბოლოს გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ ივანიშვილი სააკაშვილს იყენებს მხოლოდ და მხოლოდ საფრთხობელად. რეალურად, სააკაშვილის მმართველ ძალად და მმართველად ხელისუფლებაში მობრუნების შანსი არ არსებობს. ივანიშვილს, სწორედ სააკაშვილის საფრთხის არსებობა აცოცხლებს დღემდე. ამიტომ არის, რომ თავის დროზე მან არც სააკაშვილი გაასამართლა და არც „ნაციონალური მოძრაობა“ დააყენა თავის ადგილზე, პირიქით კოჰაბიტაციაში შევიდა, ამით სულდგმულობს ივანიშვილი. ეს აღარ უნდა მოხდეს 2020 წელს. ჩვენ ყველამ უნდა მივაღწიოთ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს, საზოგადოებამ თავად გადაწყვიტოს, რამდენი პროცენტი უნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჰყავდეს პარლამენტში და რამდენი სხვა ოპოზიციური ძალა“, – განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
