LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უმუშევრობა ახალგაზრდებში და ქვეყნიდან გაქცეული მოქალაქეები“ – ა/ო „პროგრესის ცენტრმა“ პოლიტჯგუფების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

122
„პროგრესი“

არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრმა“ ახალგაზრდების დასაქმებასთან დაკავშირებით სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელ ღონისძიებაზე დეტალურად განიხილეს ყველა ის საკითხი და პრობლემა, რაც დღეს საქართველოში ახალგაზრდებს დასაქმების დროს ექმნებათ.

დაისვა კონკრეტული კითხვები, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ ხელი შეუწყოს უმუშვრობის შემცირებას, რათა აღარ გაგრძელდეს მათი მასობრივი გადინება ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრი“ დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებას დიდ ყურადღებას უთმობს, რადგან ქვეყანაში არსებულ ამ პრობლემას ოფიციალური სტატისტიკაც მოწმობს“, – ამბობენ ორგანიზაციაში.

ამავე განცხადების თანახმად, „საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, უმუშევრობის დონე საქართველოში 2023 წლის პირველ კვარტალში 18%, მეორე კვარტალში კი – 16, 7%-ია. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 17, 3%-ს შეადგენდა.

„რაც შეეხება ასაკობრივ ჭრილში უმუშევრობის დონეს, 2022 წლის ანგარიშს თუ ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი 19 წლამდე ახალგაზრდებში ფიქსირდება და უმუშევრობის დონე – 47, 4%-ს შეადგენს.

20-24 წლის ასაკის პირებში უმუშევრობის მაჩვენებელი 37, 3%-ია, 25-29 წლის შემთხვევაში – 22, 2%. ასაკის მატებასთან ერთად უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებელი მაქსიმუმ 1%-ით იკლებს.

ცოტა ხნის წინ Visual capitalist-მა, ქვეყნების მიხედვით 2023 წლისთვის უმუშევრობის დონის პროგნოზების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველო ათეულშია.

„ფორბსის“ სტატიის მიხედვით, სამხრეთ აფრიკის (35, 6%), სუდანის (30, 6%), მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის და ღაზის (25%) შემდეგ, მეოთხე ადგილზე უმუშევრობის დონის პროგნოზით საქართველოა 19, 5%-ით!“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„სწორედ ამ მძიმე მონაცემების გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრი“ მუდმივად ცდილობს, ყურადღება დაეთმოს ახალგაზრდების დასაქმების საკითხს,

უშუალოდ მოისმინოს მათი შეკითხვები და მოსაზრებები, სად და როგორ ხედავენ გამოსავალს, გაუზიაროს მათ ევროპული გამოცდილება და მათთან ერთად იმუშაონ ახალგაზრდების საუკეთესო მომავლის შესაქმნელად“, – აცხადებს „პროგრესის ცენტრის“ დირექტორი ელენე ელბაქიძე.

ინფორმაციისთვის, „პროგრესის ცენტრი“ არის არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელსაც 2017 წლიდან აქტიურად მუშაობს ისეთ მიმართულებებზე როგორიცაა: განათლების პოლიტიკა, სოციალური საკითხები, გენდერი და ქალთა უფლებები, მწვანე საკითხები და სხვა მნიშვნელოვანი თემები.

ცენტრს ქვეყანაში მრავალი სხვადასხვა ჯგუფისთვის ალტერნატიული სივრცისა თუ პლატფორმის შექმნაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები