უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და 15.6% შეადგინა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.
პრემიერის განცხადებით, სიღარიბე და უმუშევრობა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
“ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ სიღარიბის დამარცხება და უმუშევრობის შემცირება. მესამე კვარტალი ამ კუთხითაც გამოირჩეოდა. უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმ მიაღწია და 15.6% შეადგინა. ასევე, 2 წელიწადში, 2021 წლის მეორე კვარტალიდან 2022 წლის მესამე კვარტალის ჩათვლით, შეიქმნა 229000 სამუშაო ადგილი, 22900 ათასი ადამიანი დასაქმდა ამ ბოლო ორ წელიწადში.
"3 წელიწადში 30 მილიარდიანი ზრდა გვაქვს" - ირაკლი ღარიბაშვილი 2022 წელს აჯამებს
"გვიხარია ის ფაქტი, რომ წელსაც გვექნება 10%-იანი ეკონომიკური ზრდა".
აქედან, არასახელმწიფო სექტორში 209000 ადამიანია დასაქმებული. ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სოციალურ დაუცველი შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმებას, 30000-ზე მეტი სოციალური დაუცველი უკვე დასაქმებულია ბოლო 6-7 თვეში, რესურსი ძალიან დიდია. 200 000 ათასი ადამიანი არის სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი და ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ეს ადამიანი დავასაქმოთ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, 2023 წელს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ექნება.
“ჩვენ 10%-იან ეკონომიკურ ზრდას ველოდებით წელს, საშუალო ვადიან პერიოდში პროგნოზი შემდეგია, რომ საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში და ევროპის მასშტაბით. ეს არის ჩვენი ჩვენი პარტნიორების IMF-ის და მსოფლიო ბანკის პროგნოზები”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ ღონისძიებაზე.