„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი პოტენციური აგრესიის თავიდან ასაცილებლად და ქვეყნის დასაცავად,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას გამოყო ტოტალური თავდაცვის რეფორმა, რაზეც აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა საქართველოს უფრო მეტად დაცულობისთვის და სტაბილურობისთვის.
პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა ჯარისკაცების თავდადებას და პროფესიონალიზმს და აღნიშნა, რომ ისინი გმირულად ასრულებენ თავიანთ როლს საერთაშორისო მისიებში.
„ვერც ერთი ეკონომიკური რეფორმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, თუ არ იქნება სტაბილურობა და უსაფრთხოება. თავდაცვის მიმართულებით რეფორმები 2018 წელს იყო განსაკუთრებით წარმატებული და ეს აისახა ნატო-ს ყოველწლიურ სამიტში და იმ დოკუმენტში, სადაც დაფიქსირდა ჩვენი პროგრესი. მაგრამ ბუნებრივია, ის რეფორმათა პაკეტი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ითვალისწინებს გაცილებით მეტს, ითვალისწინებს მთავარს, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი პოტენციური აგრესიის თავიდან ასაცილებლად და ქვეყნის დასაცავად. მე მინდა განსაკუთრებით გამოვყო ტოტალური თავდაცვის რეფორმა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველო იყოს უფრო მეტად დაცული და უფრო მეტად სტაბილური. ჩვენი გმირი ჯარისკაცები განაგრძობენ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას და გმირულად ასრულებენ თავიანთ როლს და პასუხისმგებლობას. სწორედ ქართველი ჯარისკაცები ითვლებიან ყველაზე უფრო წარმატებულ და პროფესიონალ ჯარისკაცებად, ეს არა მხოლოდ ჩემი, ჩვენი პარტნიორების შეფასებაა. ჩვენ განვაგრძობთ ამ პროგრამას, მაგრამ გვინდა მეტი დრო და რესურსი დავუთმოთ სოციალურ საკითხებს ჩვენი ჯარისკაცებისთვის,“ – განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერის შეფასებით, საქართველოს წინაშე დგას ორი მტკივნეული გამოწვევა, ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ყველას სურს, რომ ქვეყანა იყოს სიღარიბის გარეშე, სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება ღირსეული ცხოვრების უფლება.
„საქართველოს წინაშე გვაქვს ორი მტკივნეული გამოწვევა, ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე, ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა, ორივე გამოწვევა დავძლიოთ ერთობლივი ძალისხმევით და ამის გარშემო უნდა იყოს გაერთიანებული საქართველოს თითოეული მოქალაქის ძალისხმევა. ჩვენი მიზანია, საქართველო დაუბრუნდეს თავის დიდ ევროპულ ოჯახს, სადაც ადამიანის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, სასამართლოს და მედიის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, კერძო საკუთრება წარმოადგენს მთავარ ღირებულებას. ამ ყველაფრის მიღწევა არის რთული ამოცანა იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს საქართველოს წინაშე,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში რეალური ცვლილებების განხორციელება დაიწყო 2012 წლიდან და მაქსიმუმი კეთდება სიღარიბის დასაძლევად.
„ყველა ჩემი წინამორბედი აკეთებდა მაქსიმუმს, რომ სიღარიბე სწრაფი ტემპებით შეემცირებინა და ამ თვალსაზრისით გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. დაახლოებით 10 % -ით შევამცირეთ სიღარიბე, თუმცა ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი სამწუხაროდ, რჩება სიღარიბეში. მთავარ გამოწვევად რჩება უმუშევრობა და ეს ძალიან რთული ბარიერია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით განვითარდეს. აქედან გამომდინარე ბუნებრივია, ჩვენთვის მთავარ ამოცანად რჩება სიღარიბის დაძლევა. როდესაც ვსაუბრობთ ნებისმიერ ეკონომიკურ ინიციატივაზე, მთავარი შეფასების კრიტერიუმი არის ეს, რამდენად დაგვეხმარება ესა თუ ის ინიციატივა, რომ საქართველოში ერთხელ და საბოლოოდ დავძლიოთ სიღარიბე. ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს და დარწმუნებული ვარ, ეს რეფორმები დაგვეხმარება. სიღარიბე იქნება დაძლეული. ამას სჭირდება გარკვეული პერიოდი. მთავარია, თითოეული ჩვენგანი იყოს დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა ადგას სწორ გზას და ეს გზა მიგვიყვანს საბოლოო მიზნამდე,” – განაცხადა ბახტაძემ.
ანგარიშის წარდგენას ესწრებიან მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.