LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა შეცვალოს თუ არა ზიარების ტრადიცია კორონავირუსმა? – რას ფიქრობენ თეოლოგები

1066
ZIAREBA 22

რუმინეთის ხელისუფლებამ, მას შემდეგ, რაც 26 თებერვალს ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის სხვადასხვა სტანდარტული რეკომენდაცია შეიმუშავა.

გაცემულია რეკომენდაცია, რომ მორწმუნეებმა ხატებზე კოცნისგან დროებით თავი შეიკავონ და წმინდა ზიარების მიღება საკუთარი კოვზით მოითხოვონ.

საქართველოს საპატრიარქო საერთო კოვზიდან ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს და კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა.

მათი თქმით, ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის, “მორწმუნეები კი ამას არ უშინდებოდნენ”.

პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი, გიორგი ანდრიაძე მიიჩნევს კორონავირუსით ატეხილი ისტერია ხელოვნურია. გიორგი ანდრიაძე „ფორტუნასთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ ეკლესიის ტრადიციის შეცვლა რაიმე ვირუსი გამო სასაცილოა.

„20 საუკუნეა ეკლესია არსებობს და მრავალი ჭირი და უბედურება გამოიარა კაცობრიობამ, მაგრამ არსად არ ფიქსირდება რაიმე წესების შეცვლა. ძალიან ავიწყდება მასმედიას, როდესაც სპექტაკლს აწყობს ამ თემაზე და ჩვენ არ გვიწვევენ. მაგრამ მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ შიდსმა გაცილებით ბევრი ადამიანი იმსხვერპლა, ნერწყვით გადადიოდა ეს დაავადება. შესაბამისად, ეს ავადმყოფებიც ალბათ ეზიარებოდნენ. მაშინ რატომ არ დააყენეს ამ განათლებულმა ე.წ. ლიბერალებმა ეკლესიის ტრადიციის შეცვლის საკითხი? ეს არის სასაცილო და თითიდან გამოწოვილი თემა.

კორონავირუსი და მსგავსი ტიპის ვირუსები არის მსოფლიო სპექტაკლი. რომელსაც მხარი აუბა საქართველოში სპექტაკლების მომწყობმა „მთავარმა არხმა“, – აცხადებს ანდრიაძე.

კითხვაზე, მრევლი როგორ უნდა მოიქცეს, როცა აზრი ამ საკითხზე გაყოფილია, ანდრიაძე პასუხობს, სჯობს, ხშირად ვეზიაროთ.

„მრევლი იქცევა ისე, როგორც ეუბნება მას ეკლესია და როგორც შინაგანი რწმენა აქვთ. არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ვითომ რწმენა აქვთ.

ამიტომ სჯობს ვეზიაროთ, ზიარება არის ქრისტეს რწმენა და ღმერთს თუ ეზიარები და ღმერთთან თუ გაქვს შეხება, ვისგან უნდა გადაგედოს? მაშინ გამოდის, რომ ღმერთი არ არსებობს. თუ რწმენით ეზიარები, ღმერთი თუ შენთან მოვიდა, მაშინ რა ვისური უნდა მოგერიოს? ვირუსი უფრო ძლიერია, ვიდრე ღმერთი? ეს ხომ სასაცილო ლოგიკაა. იცით რა უნდა განიხილონ? მოსახლეობამ კინოში და თეატრში არ უნდა იაროს, იმიტომ რომ იქ ღმერთი არ არის და შეიძლება კორონავირუსი გადაედოთ“, – აცხადებს გიორგი ანდრიაძე.

 

თეოლოგი ლევან აბაშიძე  „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო თუ ზიარების ტრადიცია შეიცვლება, ამაში არაფერი იქნება არაეკლესიური.

„ტრადიციის შეცვლა შეიძლება, ამაში სარწმუნოებრივი დარღვევა არ იქნება. ეკლესიას შეუძლია შეცვალოს ტრადიცია, მაგრამ ეს არის ძალიან რთული გასაკეთებელი რამ. იმდენად მიჩვეულია მრევლი ამ სახით ზიარების მიღებას, რომ ჩემი აზრით, მისი შეცვლა დიდ უკმაყოფილებას, შფოთსა და გაუგებრობას გამოიწვევს. ზოგი იტყვის, რომ ეს არის დარღვევა და მწვალებლობა. ამისთვის უფრო მეტი მიზეზი უნდა იყოს, ვიდრე კორონავირუსის სამი დადასტურებული შემთხვევა“, – აცხადებს თეოლოგი.

ლევან აბაშიძის თქმით, ზიარების ტრადიციაზე საუბარი წლებია მიდის, მაგრამ ტრადიციონალისტები ამ საკითხს მძიმედ აღიქვამენ.

„ეს საკითხი არაერთხელ დამდგარა და არა მარტო კორონავირუსის გამო, ჰიგიენა სხვადასხვანაირად აღიქმება. ზოგიერთი ხელს იბანს დღეში ასჯერ. ეს საკითხი არაერთხელ დამდგარა, სადაც უფრო ისეთი საზოგადოებაა, თანამედროვე და გახსნილი. ტრადიციონალისტები ამ თემას მძიმედ აღიქვამენ. მათ ეს შეიძლება აღიქვან როგორც ეკლესიისა და რწმენის ღალატი.

ერთჯერადი პლასტმასის კოვზების გამოყენება არ ვიცი, ზიარებას რამდენად შეესაბამება, მაგრამ შეიძლება იყოს, ერთჯერადი ხის კოვზები. სხვათა შორის მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია, რომელიც პროფესიით ექიმია და ამბობს, რომ სერიოზული პანდემია თუ იქნება, შეიძლება ეს საკითხი დაისვას“, – აცხადებს ლევან აბაშიძე.

თეოლოგის თქმით, ხატებზე მთხვევა რელიგიურობას ხაზს არ უსვამს და ბევრი განდეგილი ყოფილა, რომლებსაც კელიაში ხატები არ ჰქონიათ.

„ეკლესია არის თავშეყრის ადგილი და მთავარია, ვინც თავს ცუდად გრძნობს, არ მივიდეს წირვა-ლოცვაზე.

სამხრეთ კორეაში, სადაც მორმუნე ავად იყო, მაგრამ მაინც მივიდა ღვთისმსახურებაზე. ბევრი ხალხი მხოლოდ მისგან დაინფიცირდა. ამიტომ ეს საკითხი უფრო დიდია, ვიდრე ერთი კოვზით ზიარება.

ერთჯერადი კოვზებით ზიარება საეკლესიო კანონს არ არღვევს. საერთო თასი და პური ერთი უნდა იყოს, მაგრამ არავინ ამბობს, რომ მორწმუნეები ყველა ერთი კოვზით უნდა ვეზიაროთ“, – აცხადებს თეოლოგი „ფორტუნასთან“ საუბარში.

“არასდროს მიფიქრია, რომ ეს საფრთხის შემცველია” – დეკანოზი ილია ჭიღლაძე კოვზით ზიარებაზე

შეგახსენებთ, 29 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის  მესამე შემთხვევა დადასტურდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g