პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს, რომლითაც პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და რიგ პრივილეგიებს კარგავს.
აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა.
კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტის წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცნობს.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ დეპუტატებს მანდატი ხალხმა იმიტომ არ ანდო, რომ მათ არ იმუშაონ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი პარტიებისთვის საპარლამენტო დაფინასების ცვლილების პროექტის კომენტირებისას აცხადებს, რომ ინიციატივა ეწინააღმდეგება როგორც იმ პრინციპებს, რომლებიც შეთანხმებაში არსებობდა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებებსა და რეკომენდაციებს.
წერეთელი მოუწოდებს პარლამენტში შესულ კოლეგა ოპოზიციონერებს, რომ ქმედითად იბრძოლონ და არ შემოიფარგლონ მხოლოდ კონკრეტული განცხადებებით.
„ინიციატივა, რომელიც ითვალისიწნებს იმას, რომ კონკრეტულ პარტიას შეუწყდეს კონკრეტული პირობების გამო დაფინანსება, აბსოლიტურად ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელიც შეთანხმებაში იყო, იმ მოწოდებებს და რეკომენდაციებს, რომლებიც ჰქონდათ საერთაშორისო ორგანიზაციებს. ისედაც, არანაირად უწყობს ხელს რაღაც პოლიტიკურ შეთანხმებას, კონსენსუსს და არის პირდაპირ მოწოდებული იმისათვის, რომ რომელიღაც კონკრეტულ პარტია, ამ შემთხვევაში „ლეიბორისტული პარტია“ დასაჯოს.
მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება არ ეხება „ევროპულ საქართელოს“ ან სხვა პარტიებს, მინდა ყველას ვთხოვო, დღეს ვინც არის პარლამენტში, ჩვენ კოლეგებს ოპოზიციიდან, რომ მათ შესვლამდე აწუხებდათ ეს საკითხი და ვფიქრობ, რომ ახლაც უნდა აწუხებდეთ და ძალიან ქმედითად უნდა იბრძოლონ, გარდა იმისა, რომ კონკრეტული კრიტიკული განცხადებები გააკეთონ“. – განაცხადა წერეთელმა.
დღეს შინაარსობრივი ნაწილის გარდა, ოპოზიციამ რეგლამენტიც გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც ინიციატორი, მათი შეფასებით, საჭიროზე მეტ ხანს იდგა ტრიბუნასთან.
„ბატონი კობახიძე 2008 წელს თავისი ავტორობით შექმნილ წიგნში – “პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალში” წერდა, რომ დაუშვებელია პოლიტიკურ პარტიას უარი ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზე, მის მიერ პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების მიზეზით, როდის იყავით გულწრფელები ახლა თუ მაშინ? – ამ კითხვით ენმ-ის დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა ანრი ოხანაშვილს მიმართა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ კი მოითხოვა მომხსენებელს განემარტა, რას ნიშნავს პოლიტიკური საბოტაჟის პრევენცია. „საბოტაჟის მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში ისედაც არის, ეს პოლიტიკური საბოტაჟი რამე ახალი ცნებაა, სად არის განმარტებული რას ნიშნავს,“ – აღნიშნა მანჯგალაძემ.
ენმ-ის წევრი რომან გოცირიძე კი, საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს შეაჩერონ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა და მას არაადეკვატურად მოიხსენიებს.
“გირჩის” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი კი პარლამენტს ურჩევს, დაიწყოს მუშაობა, თუ როგორ უნდა გაუქმდეს საერთოდ საბიუჯეტო დაფინანსება.
ოპოზიციის წევრებს პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა უპასუხეს.
მამუკა მდინარაძე ამბობს, მას შემდეგ რაც პარტიის წარმომადგენელი პარლამენტში შევა, მას ეს დათქმა ბუნებრივია არ შეეხება.
ანრი ოხანაშვილის თქმით კი, პარტიას, რომელიც საბოტაჟს უცხადებს საკანონმდებლო ორგანოს, ლეგიტიმურია, რომ დაფინანსება შეუწყდეს.
ხელისუფლება ცდილობს, დაფინანსების შეწყვეტით დასაჯოს ოპოზიციური პარტიები – ბოტკოველი