საკანონმდებლო დონეზე სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას თავდაცვის სამინისტრო არ ეთანხმება, თუმცა მიიჩნევს, რომ დღეს არსებული ფორმა უნდა შეიცვალოს, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა გიორგი თავდგირიძემ რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, თავდაცვის სამინისტრო გაწვევის ინსტიტუტის რამდენიმე მოდელს წარადგენს, საიდანაც, საბოლოოდ, ერთ ვარიანტს შეარჩევენ. როგორც თავდგირიძემ აღნიშნა, სამხედრო სამსახურის ახალ პროექტში ახალწვეულებისათვის მოტივაციის სხვადასხვა მეთოდი იქნება შეთავაზებული, რათა იძულების ფორმა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა რადიო ფორტუნასთან საუბრისას, მოტივაციის შესაძლო კონკრეტულ მეთოდებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა ერთერთ ვერსიად განიხილება, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემთხვევაში, ახალწვეულის უმაღლესი განათლების თანადაფინანსება.
”ახალგაზრდას შეეძლება, ჯარში სამსახურით მოიპოვოს გარკვეული საშუალება იმისათვის, რომ მომავალში, უმაღლესი ან პროფესიული განათლება საკუთარი სახსრებით დააფინანსოს. გარდა ამისა, მოტივაციის ერთერთ ფორმად ისიც განიხილება, რომ კონტრაქტის გაფორმების უფლება ექნებათ მხოლოდ მათ, ვისაც გავლილი ექნება სავალდებულო სამხედრო სამსახური. თუმცა ეს მხოლოდ შესაძლო ვარიანტებია” – განაცხადა თავდგირიძემ.
როგორც თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ამბობს, ცვლილებებზე მუშაობას 2016 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში დაასრულებენ, რათა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში აისახოს ის რეალობა, რომელიც ახალი პროექტის შემუშავების შემდეგ დადგება.