ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტის გაგრძელებას დადებითად აფასებენ მოლაპარაკებაში ჩართული მხარეები. “სტრატეგია აღმაშენებელში” იმედი აქვთ, რომ შეთანხმების კონტურები მალე გამოიკვეთება. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენელმა სერგო ჩიხლაძემ ფორტუნას გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.
როგორც ჩიხლაძე ამბობს, მედიატორი დიპლომატის წასვლის შემთხვევაში მოლაპარაკებებს საერთოდ ჩაშლა ემუქრებოდა.
„რომ წასულიყო ჩვენი მედიატორი, მივიღებდით იგივე შედეგს, რაც წინა სამ თვეში. გახსოვთ, რომ მორიგ რაუნდამდე ვერ მივიდა შეხვედრა. ისევ იგივე წრეზე წავიდოდით. ის, რომ ევროკავშირი ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მაფიქრებინეს და მაძლევს იმის საფუძველს, ოპტიმიზმს, რომ უახლოეს დღეებში გარკვეულ ურთიერთკომპრომისამდე უნდა მივიდეთ. ყოველშემთხვევაში შეთანხმების კონტურები უნდა გამოიკვეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მეტი კრიზისი და ჩიხი იქნება.
როდესაც პოლიტიკაში ხარ, პრეტენზია უნდა გქონდეს პოლიტიკოსობაზე და არა სპეკულანტობაზე: კობახიძე ოპოზიციაზე
"დანიელსონის ქვეყანაში დარჩენა არის კარგი. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი სერიოზულად ეკიდება დიალოგს" - კობახიძე.
ევროკავშირის როლი არ არის მხოლოდ ფასილიტაცია, ის არის მედიატორი და ამ ექვსპუნქტში ერთ-ერთი გულისხმობს იმას, რომ ორივე მხარის წინადადებების ფონზე შეიძლება ალტერნატიული ან შემაჯერებელი წინადადება შემოგვთაზოს”.- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
კითხვაზე, რაზე არის დღეს ყველაზე მთავარი შეუთანხმებლობა და სადაც არის იქ რამდენად მიღწევადია შეთანხმება, სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ ძირითადი უთანხმოება ვადამდელი არჩევნების პუნქტია, ურთიერთკომპრომისი კი ორივე მხრიდან გარდაუვალია.
„ეს არ გულისხმობს, რომ იმ 5 პუნქტიდან, 4-ზე მოდი შევთანხმდეთ და ერთზე უარს ვიტყვი. ურთიერთკომპრომისი ხუთივე ძირითად პუნქტზე უნდა იყოს. ეს არ ნიშნავს, რომ 3 დაგითმე და ორზე უარი თქვი. ამის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს“.- აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი, რომელიც დღეს ბრიუსელში უნდა დაბრუნებულიყო, საქართველოში დარჩა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, პოლიტიკურ აქტორებთან შეხვედრებს აგრძელებს.