საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) აქტიურად მუშაობს ქუთაისში ახალი ტექნოპარკის გახსნაზე, სადაც დაგეგმილია ექსპლორატორიუმის ტიპის ინტერაქტიური სამეცნიერო ლაბორატორიის დაარსება. ტექნოპარკის ვიზიტორებს, სტუდენტებს, ადგილობრივ მოსახლეობას, იმერეთში ჩამოსულ ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ აღმოაჩინონ მეცნიერების, ფიზიკის, მათემატიკისა და ტექნოლოგიების ძირითადი პრინციპები საინტერესო და ადვილად აღქმადი გზით.
სწორედ ამ მიზნით, პოლონეთში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. GITA-ს დელეგაციას პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა დიანა ჟღენტმა უმასპინძლა. ცენტრთან თანამშრომლობით სააგენტო შეეცდება გაიზიაროს მათი გამოცდილება საგამოფენო ექსპონატების შერჩევისა და შესყიდვისთვის და გამოიყენოს საუკეთესო პრაქტიკა ლაბორატორიის ეფექტიანად აღჭურვისთვის. ამასთან, ქუთაისის ტექნოპარკის ლაბორატორიის სრულად აღჭურვისა და გახსნის შემდგომ, დაიგეგმება კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის მხრიდან ადგილობრივი ადამიანური რესურსის გადამზადება ექსპონატების ეფექტიანი მართვისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებით.
კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის გამოცდილება ინტერაქტიური ექსპონატების შექმნასა და ოპერირებაში ეფექტურად წარმოაჩენს კომპლექსურ სამეცნიერო კონცეფციას, რომელიც სრულად შეესაბამება ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ამოცანას მოწინავე ინტერაქტიური სამეცნიერო ლაბორატორიის დაარსების შესახებ ქუთაისში.
2012 წელს კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრს მიენიჭა ევროპის წლის მუზეუმის ჯილდო, 2018 წელს გახდა ევროპაში ყველაზე პოპულარული სამეცნიერო მუზეუმი და, ასევე, მოიპოვა სხვა მრავალი აღიარება, მათ შორის Prix Ars Electronica და Golden Ticket Award.
კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი წამყვანი დაწესებულებაა სამეცნიერო განათლების სფეროში. მისი 6 მუდმივი გამოფენის, პლანეტარიუმის, Discovery Park-ისა და 4 ლაბორატორიის შექმნისა და მართვის გამოცდილების გაზიარება კი მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საქართველოში მაღალი ხარისხის მსგავსი ტიპის ლაბორატორიის დაარსებისთვის.