LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ურთულესი რეალობაა… კომენდანტის საათი და ცოცხალი მუსიკის აკრძალვა სტუმრების რაოდენობას შეამცირებს: შოთა ბურჯანაძე

160
BeFunky-collage (1)

კორონავირუსის პრევენციისათვის დაწესებული რეგულაცია, რომელიც რესტორნების შიდა სივრცეში ადამიანების მიღებას კრძალავდა, თბილისში დღეიდან მოიხსნა. მიღებული გადაწყვეტილება როგორც საზოგადოების ნაწილმა, ასევე თავად რესტორნების მფლობელებმა დადებითად შეაფასეს, რადგან ისედაც მძიმე ეკონომიკურ პირობებში მათ საშუალება ექნებათ უფრო მეტი შემოსავალი მიიღონ, მაგრამ არსებობს გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც ბიზნესის წარმომადგენლებს რესტორნის სრულყოფილ ფუნქციონირებაში ხელს უშლის.

ცნობილია, რომ თუ აქამდე რესტორნებში 100 კვადრატულზე 44 ადამიანის დაშვება იყო შესაძლებელი, ახლა ნებადართული მხოლოდ 25 ადამიანის მიღებაა. შეზღუდვად რჩება შაბათ-კვირას მუშაობის უფლება და 1 აპრილამდე ცოცხალი ცოცხალი მუსიკის შესრულებაც.

იძლევა თუ არა რეგულაციების “მოხსნა” რესტორნის სრულყოფილად მუშაობის შესაძლებლობას და რა პრობლემების წინაშე დგანან სარესტორნო ბიზნესის მფლობელები – “ფორტუნას” კითხვებს რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე პასუხობს.

შოთა ბურჯანაძე “ფორტუნასთან” საუბრისას აცხადებს, რომ რესტორნებისთვის ასეთ პირობებში ოპერირება ძალიან რთულია. მისივე განცხადებით, შიდა სივრცეში სტუმრების მიღების ნებართვა ვერ იქნება შესაძლებლობა, რომელიც “სრულყოფილ მუშაობად” შეიძლება ჩაითვალოს.

მისივე განცხადებით, პრობლემას ქმნის შაბათ-კვირას მუშაობის, ასევე ცოცხალი მუსიკის აკრძალვა და კომენდანტის საათი, რადგან მოქალაქეების უმეტესობა, რესტორანში დასვენების დღეებში და საღამოს, ყველაზე გვიან 7 საათიდან დადიან, რაც მოქმედი შეზღუდვების ფონზე ვერ მოხერხდება. რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამის გამო რესტორანში წამსვლელი ადამიანების რაოდენობა მცირე იქნება.

“ურთულეს რეალობაში ვართ. ე.წ კომენდანტის საათი და ცოცხალი მუსიკის აკრძალვა რესტორანში სტუმრების რაოდენობას შეამცირებს. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც სურვილი აქვს, რომ ესტუმროს რესტორანს, მისი არჩევანი არის 7 საათის შემდეგ რესტორანში წასვლა, ან შაბათ-კვირას წასვლა, ან მეგობრებთან ერთად, დასასვენებლად წასვლა, სადაც მიიღებს სიამოვნებას, მუსიკის თანხლებით. 

ცოცხალი მუსიკის აკრძალვით ზარალდება სფერო, მუსიკოსები და მსახიობები, რომელთაც შესაძლებლობა არ აქვთ დღეს გახსნილ რესტორანში იმუშაონ. ამ სფეროში დასაქმებული 250 000 ადამიანის დიდი ნაწილი სხვა სფეროში გადავიდა, ან წავიდა საზღვარგარეთ, რადგან შემოსავალი სჭირდებოდათ. ჩვენ დავკარგეთ ეს შემსრულებლები,” – აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

მისივე განცხადებით, რესტორნის შიდა სივრცეში მაგიდასთან დასხდომის უფლება ისევ 6 ადამიანს ექნება, ხოლო გარე სივრცეებში ეს რაოდენობა 12 ადამიანს არ უნდა აღემატებოდეს. ბურჯანაძე აცხადებს, რომ რესტორანში ერთი ადამიანისთვის გამოყოფილი კვადრატული მეტრის რაოდენობა 4-მდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რესტორნებს სტუმრების მიღება უფრო მცირე რაოდენობით შეუძლიათ.

რჩება 2 მეტრიანი დისტანცია მაგიდებს შორის. თუ აქამდე ადამიანზე განსაზღვრული იყო 2,25 კვ.მ რესტორნის ფართიდან გამომდინარე, დღეს ეს 4კვ.მ გახდა. თუ აქამდე 100 კვადრატულზე 40 ადამიანის განთავსება იყო შესაძლებელი, ეს რაოდენობა 25 ადამიანზე ჩამოვიდა. არსებობს კიდევ ერთი შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ სივრცეში მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დიდია ის, მფლობელს მხოლოდ 60 ადამიანის მიღების შესაძლებლობა აქვს,” – განმარტავს შოთა ბურჯანაძე.

 

 

სფეროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მიუხედავად არსებული შეზღუდვებისა, რესტორნებისთვის შიდა სივრცეებში სტუმრების მიღება, მათი 20% დატვირთვით მუშაობას ნიშნავს, რისი საშუალებაც მათ აქამდე არ ჰქონდათ.

“სახელმწიფოს გადაწყვეტილება იყო, არა 8 მარტს გახსნა, არამედ მაისის ბოლოსთვის რესტორნების გახსნა. ანუ მანამდე, სანამ ვაქცინაცია არ იქნებოდა სრულყოფილად გაკეთებული და ა.შ. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ წინ. იქ სადაც ვიყავით, რესტორნები 0% დატვირთვით მუშაობდნენ, ახლა გვაქვს 20% დატვირთვა. გვინდა მივაღწიოთ მაქსიმუმ 80 პროცენტს. წელიწადნახევრის განმავლობაში ეს სფერო 100 პროცენტით სრულყოფილად მუშაობას ვერ შეძლებს. ამიტომ ვიბრძვით იმისთვის, რომ აპრილის ბოლომდე 80 პროცენტი დატვირთვით მუშაობას მივაღწიოთ,” – აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.

შოთა ბურჯანაძე ყურადღებას ვაქცინაციის დაწყებაზე ამახვილებს და ამბობს, რომ თუ ვაქცინაცია დროულად არ დაიწყება და კოვიდვითარება ისევ უარესობისკენ შეიცვლება, სარესტორნო ბიზნესიც “უკან დაბრუნდება”, რაც სხვადასხვა ობიექტების სამუდამოდ დახურვას გამოიწვევს. ის ასევე აცხადებს, რომ აქამდე კვების ობიექტების რაოდენობა პანდემიამდე 10 000 იყო, პანდემიის შემდეგ 6 000-მა ფუნქციონირება შეწყვიტა, ხოლო 4 000 ობიექტი აგრძელებს მუშაობას. 

“მნიშვნელოვანია ვაქცინაციის საკითხი. თუ ვაქცინაცია დროულად არ დაიწყება და კოვიდვითარება კიდევ უარესობისკენ შეიცვალა, პირიქით უკან დავბრუნდებით, რაც სხვადასხვა ობიექტების სამუდამოდ დახურვას გამოიწვევს,” – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

 

რესტორნებში ცოცხალი მუსიკის აკრძალვით უკმაყოფილოები არიან თავად მუსიკოსებიც, რომელთა თქმითაც, გადაწყვეტილება გაუგებარი და ყოველგვარ აზრს მოკლებულია. გიორგი ჯალაღანია “ფორტუნასთან” საუბრისას აცხადებს, რომ ისედაც მძიმე ფინანსურ კრიზისში მყოფ მუსიკოსებს, ხელისუფლება დამატებით ფინანსურ პრობლემებს უქმნის.

“ცოცხალი მუსიკის აკრძალვა ჩემთვის ყოვლად გაუგებარია. ჩემთვისაც და ყველა ჩემი კოლეგისთვისაც ეს იყო მოულოდნელი შოკი. ძალიან რთულია ამაზე ლაპარაკი. თუ მთავარი მიზეზი, რისთვისაც ჩვენ ცოცხალ მუსიკას ვკრძალავთ – არის ვირუსის გავრცელების დიდი ალბათობა, ვერ ვხვდები როგორ არ ვრცელდება ვირუსი მაშინ, როდესაც ადამიანები არიან ერთად? ძალიან მეეჭვება, ქართველი ადამიანი, თავისი ხასიათიდან გამომდინარე რესტორანში წავიდეს, რვა საათამდე ჰქონდეს იქ ყოფნის უფლება და ამ ხნის განმავლობაში, მუსიკის მოსმენის საშუალება არ ჰქონდეს. ძალიან სასაცილოა ქართველისთვის “ვახშამი მუსიკის გარეშე,” – აცხადებს მუსიკოსი გიორგი ჯალაღანია.

მისივე განცხადებით, საქართველო იმდენად პატარა ქვეყანაა, რომ შეუძლებელია მარტო სცენით და კონცერტით მუსიკოსმა თავი ირჩინოს, რადგან ეს მათთვის უბრალოდ ყოველდღიური შემოსავალია.

იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ცოცხალი მუსიკის აკრძალვას 1 აპრილიდან არ გააუქმებს, ამ სფეროს წარმომადგენლები ყოველდღიური ფინანსური შემოსავლის და სამსახურის გარეშე რჩებიან. მუსიკოსების ნაწილს სხვა სფეროში მუშაობს გამოცდილება არ აქვს, რის გამოც ალტერნატიული სამსახურის პოვნა კიდევ უფრო რთულდება.

magti 5g