LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსამართლო ჩანაწერია, 600-კაციან ასამბლეაში 56 ხმით შეაპარეს რაღაც ცვლილება, რომელშიც სააკაშვილია მოხსენიებული – კობახიძე PACE-ს რეზოლუციაზე

80
Untitled design (5)

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომლის ერთ-ერთ პუნქტშიც მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ეხმიანება.

„ვითხოვთ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, მათ შორის არის უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი“ – რა წერია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში

როგორც კობახიძე აღნიშნავს, ასამბლეაში, რომელსაც 600 წევრი ჰყავს, 56 ხმით შეაპარეს ცვლილება, სადაც მიხეილ სააკაშვილია მოხსენიებული და ეს მისი თქმით, სამწუხარო მოვლენაა:

„ხუთშაბათი დღე ყველამ იცის, რომ ეს არის პასიური დღე ასამბლეის მუშაობაში. 56 ხმით 600-კაციან ასამბლეაში შეაპარეს რაღაც ცვლილება, სადაც მოხსენიებულია მიხეილ სააკაშვილი. ეს არის ზოგადად სამწუხარო მოვლენა, თუმცა არაფერი გვიკვირს ჩვენ მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა 300-ზე მეტი ხმით მიიღო სრულიად უსამართლო რეზოლუცია რამდენიმე თვის წინ. არაფერი განსაკუთრებული. არის ერთი უსამართლო ჩანაწერი, რომელიც მოხვდა PACE-ს რეზოლუციაში. მთავარია, რომ პარტნიორებმა იციან ყველაფერი ამ საქმის შესახებ. იციან, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ყველა პირობა არის შექმნილი სამედიცინო მომსახურებისთვის. დანარჩენი არის პოლიტიკური სპეკულაციები…

მხარდამჭერების უმრავლესობა, ანუ 56 დეპუტატი მხარს უჭერდა ამ რეზოლუციას. მათი ძალიან დიდი ნაწილი იყო სწორედ უკრაინული დეპუტაცია, რაც განსაკუთებით სამწუხარო და გულსატკენია. თქვენ იცით, რომ ჩვენ აბსოლუტურად ყველა ფორმატში, პოლიტიკურად მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას, ვგმობთ რუსეთის აგრესიას. როდესაც ამ ფონზე, მათი მხრიდან ასეთი უსამართლო ჩანაწერების მხარდაჭერა ხდება, ეს არის ძალიან გულსატკენი და ძალიან სამწუხარო, ეს შემიძლია ვთქვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რეზოლუცია სახელწოდებით „რუსეთის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინაში“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 13 ოქტომბერს მიიღო.

დოკუმენტის მთავარი გზავნილია, გამოცხადდეს ტერორისტულ რეჟიმად რუსეთის ფედერაცია.

რეზოლუციაში საუბარია პუტინის პოლიტიკურ პატიმრებზე და მათ შორის საუბარია მიხეილ სააკაშვილზეც:

„ასამბლეა ითხოვს რუსეთის ფედერაციაში და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების საქმეების განხილვას და მათ გათავისუფლებას, მათ შორის არის უკრაინის მოქალაქე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი“, – აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში.

mazda magti 5g