LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უშიშროების საბჭოს მდივნად პრეზიდენტმა დავით რაქვიაშვილი დანიშნა

86

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დავით რაქვიაშვილი დანიშნა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს დავით რაქვიაშვილის წარდგენისას განაცხადა, მას აქვს სერიოზული გამოცდილება და აღნიშნული თანამდებობისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კადრია.

„დავით რაქვიაშვილი იყო რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. მონაწილეობდა ჟენევის მოლაპარაკებებში, ინციდენტების პრევენციის მექანიზმში და გამომდინარე აქედან, აქვს სერიოზული გამოცდილება როგორც შეერთებულ შტატებთან, ასევე რუსულ მხარესთან ურთიერთობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, შეერთებულ შტატებში ის ელჩის მოადგილე – დესპანი იყო.

მე და ბატონი დავითი, ფაქტობრივად, ერთად ვქმნიდით იმ ინსტიტუტს, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს.

ის იყო გამგეობის წევრი და საგანმანათლებლო ინსტიტუტის განვითარების თვალსაზრისით სერიოზული გამოცდილება გააჩნია.

უფრო პიროვნულ კონტექსტში კი, გეტყვით, რომ არის ჩემი თაობის ერთერთი ყველაზე გამოჩენილი ალპინისტი და ვისაც მთაში უვლია კარგად იცნობს ბატონ დავითს. ეს სერიოზული პიროვნული მაჩვენებელია, რაც საჭიროა იმისთვის, რომ უშიშროების საბჭოში იმუშაო, ემსახურო ქვეყნის გაძლიერებას და თავდაცვისუნარიანობას.

როგორც მოგახსენეთ, გვაქვს ძალიან ახლო ურთიერთობის ოცდაათწლიანი გამოცდილება. მას ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

უშიშროების საბჭოს ახლადდანიშნულმა მდივანმა დავით რაქვიაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ ქვეყნის სამსახური ნებისმიერი ქართველისათვის უდიდესი პატივია.

„უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, ეს კარგად მესმის.

ისეთ დროს, როდესაც ქვეყანას არ ემუქრება მყისიერი საფრთხე უშიშროების საბჭოს მთელი ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, შესაძლო საფრთხეების გამოაშკარავებაზე და მათ პრევენციაზე.

ხოლო მაშინ, როდესაც სასწორზე დევს მშვიდობა, სახელმწიფოებრიობა, ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, უშიშროების საბჭო სწორედ ის პოლიტიკური სათათბიროა, სადაც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება ამ ფუნდამენტური ღირებულებების დასაცავ გადაწყვეტილებებს განიხილავს.

გეოპოლიტიკურ კონტექსტს თუ გავითვალისწინებთ, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის შესუსტების მცდელობის, ტერორიზმის გეოგრაფიის ზრდის, ევროპულ ღირებულებებთან მიმართებაში დაპირისპირებული აქტორების მომრავლების ფონზე, ჩვენს რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები უდავოდ მოითხოვს სახელმწიფოს განსაკუთრებულ ყურადღებას.

ასეთ ცვალებად გარემოში შესაძლო გამოწვევების გამკლავება შესაძლებელია მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუციებით, მხოლოდ მათი კოორდინირებული მოქმედებით, ქვეყნის უშიშროებასა და თავდაცვისუნარიანობასთან მიმართებაში, პოლიტიკური ძალების კონსოლიდირებული პოზიციით, და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის მობილიზებით. ეს არის ის პრიორიტეტები, ეს არის სამოქმედო გეგმა, რომელიც პრეზიდენტმა განგვისაზღვრა მე და უშიშროების საბჭოს“, – განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

დავით რაქვიაშვილმა მადლობა გადაუხადა ასევე, მის წინამორბედს, ირინე იმერლიშვილს და უშიშროების საბჭოს აპარატის თანამშრომლებს.

„ამ უწყებას ხელმძღვანელობდა ირინე იმერლიშვილი რთულ დროს, მანდატის ცვლილების პირობებში და მან შექმნა ამ ინსტიტუციის შემდგომი განვითარების და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მყარი საფუძველი“, – აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.

magti 5g