საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილეს შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და თავდაცვისუნარიანობის გაღრმავების გეგმები.
პრეზიდენტის განცხადებით, საუბარი შეეხო ასევე ბრიუსელში დაგეგმილ NATO -ს სამიტს და სამიტზე საქართველოს საკითხის წარმოჩენის თვალსაზრისით კოორდინირებულად გადასადგმელი ნაბიჯებს.
„თქვენ იცით, რომ ბრიუსელის სამიტზე მარტო NATO -ს წევრი ქვეყნები არიან მოწვეული. შესაბამისად, საქართველოს წინაშე მნიშვნელოვანი ამოცანა დგას – კოორდინირებულად იმოქმედონ თავდაცვამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უშიშროების საბჭომ, პრემიერმინისტრმა, პრეზიდენტმა იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორებისა და ჩვენი მხარდამჭერების მეშვეობით საქართველოს საკითხს შესაბამისი ყურადღება მიექცეს“, – განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.