საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი უზბეკეთთან და იორდანიასთან რთულ თამაშებს ელოდება.
23 იანვარს, საქართველოს ნაკრები დუბაიში, ამხანაგურ შეხვედრაში უზბეკეთს დაუპირისპირდება, 25 იანვარს კი, ამავე ქალაქში იორდანიას. მისი თქმით, ეს თამაშები იქნება შესაძლებლობა, რომ ნაკრებში მიწვეულმა ფეხბურთელებმა თავი გამოიჩინონ.
„ეს ფეხბურთელები არიან საუკეთესოები საქართველოში ჩემპიონატში, თუმცა არც პირველი ნაკრებია ეს და არც მეორე, რადგან ძირითადად ლეგიონერებით ვართ დაკომპლექტებული. არ იქნება იოლი თამაშები და ვნახოთ, როგორ წარმოაჩენენ ისინი თავს. უზბეკეთი ძლიერი გუნდია, კარგი შედეგები აქვს. ასევე გავეცანი იორდანიის გუნდის თამაშებსაც და მათაც კარგი შედეგები აქვს. აქედან გამომდინარე, საკმაოდ რთული თამაშები გვექნება. ჩვენთვის მთავარია ახალგაზრდა ფეხბურთელებმა თავი გამოიჩინონ“, – განაცხადა ვაისმა.
მისივე თქმით, რამდენიმე ფეხბურთელის გამოძახება სურდა, მათ შორის ჯაბა ჯიღაურის, ლაშა პარუნაშვილის, მათე ცინცაძის და სხვების, თუმცა ისინი კლუბებმა არ გამოუშვეს.