LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაისი ანაზღაურების ახალ პირობებს დათანხმდა: როგორ ათამაშებს ახალი მწვრთნელი საქართველოს

55

ვლადიმირ ვაისი დაგვთანხმდა იმ ანაზღაურების პირობებზე, რომელსაც ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვთავაზობთ, – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მან ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი წარადგინა.

ლევან კობიაშვილის განცხადებით, ფედერაცია ვლადიმირ ვაისთან მოლაპარაკებებს ერთი წლის განმავლობაში აწარმოებდა, თუმცა მოლაპარაკების მთავარი საკითხი არა ფინანსური მხარე, არამედ საფეხბურთო შეხედულებები იყო.

ლევან კობიაშვილმა ეროვნული ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტის შეწყვეტის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ კუთხით ყველაფერი მოგვარებულია.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია ის თანხა, რომელსაც ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი მიიღებს, თუმცა აღნიშნა, რომ კონტრაქტი ბონუსური სისტემით გაფორმდა და ვლადიმირ ვაისი ფიქსირებულ თანხასთან ერთად, წარმატების მიღწევის შემთხვევაში, ბონუსით განსაზღვრულ ჰონორარსაც მიიღებს, წარმატებად კი მას მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილის დაკავება განესაზღვრა.

თავად ვლადიმირ ვაისმა კმაყოფილება გამოთქვა დღეს გაფორმებული კონტრაქტის გამო და აღნიშნა, რომ მას აქვს გარკვეული ინფორმაცია ქართველი ფეხბურთელების შესახებ.

მისივე განცხადებით, ქართული ფეხბურთი ტექნიკური სტილის მიმდევარია, ხოლო ის შეეცდება, ნაკრების სათამაშო სტილი კონკრეტულ მეტოქეს მიესადაგებოდეს.

“როცა უცხოელი იბარებს ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს, ეს დიდი პასუხისმგებლობა და ბედნიერებაა. მოხარული
ვარ, რომ რამოდენიმე წლის შემდეგ ეროვნულ გუნდში სამუშაოს ვუბრუნდები.

როცა ლევანისგან შემოთავაზება მივიღე, ეს დიდ გამოწვევად აღვიქვი. საქართველოს ნაკრებში დიდ პოტენციალს ვხედავ, ეს კი მნიშვნელოვანია. გულშემატკივრების წინაშე დიდი პასუხისმგებლობა ავიღე და არ მინდა, ვინმეს შევპირდე, რომ დიდ შედეგებს მალევე მივაღწევთ. სათანადო შედეგს ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად აუცილებლად მივაღწევთ.

მწვრთნელის კარიერაში ყველაფერი შედეგებზეა დამოკიდებული. აქ ყოფნა დიდი ხნით მსურს. მინდა შედეგს მივაღწიო და იმასაც, რომ ფეხბურთელებს ნაკრებში ჩამოსვლა უხაროდეთ, მათ მიმართ დადებითი დამოკიდებულება იყოს გულშემატკივრისგან, მედიისგან… ფეხბურთელებმა ეროვნული ნაკრების მაისურს პატივი უნდა სცენ!

ჩემს სიაში ბევრი ფეხბურთელია თბილისის “დინამოდან”. ამიტომ უშუალო კონტაქტი მექნება ამ გუნდის მთავარ მწვრთნელთან.

სათამაშო სტილს რც შეეხება, ნებისმიერ შემთხვევაში 4 მცველით ვითამაშებთ: ან 4-2-3-1, ან 4-3-3 ტაქტიკით. შეტევაზე ვიქნებით ორიენტირებულნი, თუმცა, თქვენც დამეთანხმებით, რომ გერმანიის დონის გუნდებთან მხოლოდ შეტევაზე ვერ ვიფიქრებთ.

ამასთან, ხელმძღვანელობას ვთხოვე, რომ ყაზახეთთან თამაში არა “ლოკომოტივზე”, არამედ “დინამო არენაზე” ჩატარდეს”.
ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ინფორმაციით, ჯერ არ დაკომპლექტებულა სამწვრთნელო შტაბი, თუმცა მას უკვე ჰყავს შერჩეული ნაკრების ფიზიკური მომზადების სპეციალისტი. მისვე თქმით, სამწვრთნელო შტატში ქართველი სპეციალისტები აუცილებლად მოხვდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g