LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაისი ნაადრევად წავიდა: ესტონეთთან ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს – ახალი მწვრთნელის ძიება დაიწყო

233
KJR-8286

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის დასკვნით მატჩზე, რომელიც 18 ნოემბერს ესტონეთის წინააღმდეგ გაიმართება, აღარ უხელმძღვანელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვლადიმირ ვაისთან შეთანხმებით, საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ მიიღო.

2016 წლის მარტიდან დღემდე სლოვაკი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 47 შეხვედრა გამართა.

ვლადიმირ ვაისის მატჩების სტატისტიკა საქართველოს ნაკრებში – 16/15/16.

რაც შეეხება ერთა ლიგაზე დასკვნით მეექვსე მატჩს, რომელიც 18 ნოემბერს დინამო არენაზე ესტონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ არის დაგეგმილი, ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე, დროებითი მწვრთნელის მოვალეობას რამაზ სვანაძე შეასრულებს.

39 წლის სპეციალისტი, ამჟამად საქართველოს 19 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უკვე დაიწყო მუშაობა ახალი მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით.

სომხეთთანაც წავაგეთ: ადამიანმა ბოლო მოგვიღო – ჩვენი ადგილი “ჭ” ლიგაშია

ალექსანდრე იაშვილი – სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი:

“გუშინდელი მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისთან საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა და ერთობლივად მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ესტონეთის წინააღმდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვლადიმირ ვაისი აღარ უხელმძღვანელებს.

მინდა, მას მადლობა გადავუხადო ხუთწლიანი თანამშრომლობისთვის. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში იასპარეზა. მადლობას ვუხდით მას და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის.

მოგეხსენებათ, რომ მარტში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ახალი ციკლი დაიწყება და ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა მთავარი მწვრთნელის საკითხის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ მარტის თამაშისთვის საქართველოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი წარმატებას მოუტანს.”

 

 

ვლადიმირ ვაისის კომენტარი სომხეთთან მატჩის შემდეგ, რომელმაც მოგვიანებით ფეხბურთელები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი მათგანი ეროვნული გუნდის მაისურის ტარების ღირსი არ არის:

“სამი დღის უკან ჩვენ გვქონდა შანსი, რომ საქართველოს გმირები გავმხდარიყავით და ყველა ქართველი გაგვეხარებინა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და დღეს არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ის, რომ შეტევაში პრობლემები გვაქვს ჩემთვის და ქართულ ფეხბურთში მოღვაწე სხვა ადამიანებისთვის სიახლე არაა. შეტევის დასრულება ძალიან გვიჭირს, უამრავ შანსს ვქმნით, მაგრამ გოლი ვერ გაგვაქვს და ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა.

საქართველოში კარგი პერიოდი გავატარე, აქ ხუთი წელი ვიმუშავე და ეს პატარა დრო არ არის. ამ დროის განმავლობაში მე ქართულ ფეხბურთში მთელი გული ჩავდე, ახლა რაც ხდება ეს ჩემთვის დაუჯერებელია და შეიძლება ითქვას, რომ ტრაგედიაცაა. სამი დღის უკან მოლოდინი გვქონდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მოვახერხებდით, მაგრამ ჩვენ დავმარცხდით და ეს სპორტული ტრაგედიაა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g