LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკეში მუშების დაღუპვის საქმეზე მშენებელი კომპანიის დირექტორს პატიმრობა შეუფარდეს

120
შემთხვევა-მუშა

უსაფრთხოების ნორმების დარღვევით სამუშაოს წარმოების გამო ქვეკონტრაქტორი კომპანია “ხიმინჯ სერვისის 2-ის” დირექტორს  2-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს. სწორედ ეს კომპანია აწარმოებდა ჭავჭავაძის 5 ნომერში სამუშაოებს, სადაც მშენებლობაზე მიწა ჩამოიშალა. უბედურ შემთხვევას 2 მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბრალდებულის ადვოკატმა, გიორგი ყიფშიძემ სასამართლოში ცნობილაძის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ოთარ ცნობილაძის პატიმრობის საფუძველი არ არსებობდა. როგორც ის ამბობს, უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე ცნობილაძესთან ერთად სხვა ადამიანებსაც უნდა ეზრუნათ.

„მან გამოძიებას ყველა იმ შავი ხვრელთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია, რაც ამ ფაქტთან დაკავშირებით მოხდა და რაც არ იყო გათვალისწინებული სრულად. ამ მომენტისთვის ის იზიარებს თავის პასუხისმგებლობას მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც საუბარი არის მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით. აღიარებს წარდგენილ ბრალდებას, თუმცა ეს მიწა თავისით რომ არ ჩამოიშლებოდა, ფაქტია, ამას სჭირდებოდა გარემოებები. აქ ძირითადი მომენტი არის ის, რომ როცა მიმდინარეობს ასეთი საფრთხილო მიწის სამუშაოები, ბუნებრივია, ირგვლივ არც ექსკავატორი და არც სხვა რაიმე ტექნიკა არ უნდა მუშაობდეს”, – განაცხადა ადვოკატმა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შპს “ხიმიჯ სერვის 2”-ის დირექტორი – 1957 წელს დაბადებული ო.ც. სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს.