LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალდებულად მივიჩნიეთ, საზოგადოებას ტარიფებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ: სემეკის განცხადება

291
1

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკი) საზოგადოებას ტარიფებთან დაკავშირებით განცხადებით მიმართავს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სტატისტიკის სამსახურის მიერ, 2021 წლის დეკემბრის ინფლაციის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშის ნაწილი ზოგიერთ მედიასაშუალებაში განმარტების გარეშე გავრცელდა, რამაც საზოგადოებაში ტარიფებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები გააჩინა. 

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი თავს ვალდებულად მიიჩნევენ, საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ:

“2021 წლის დეკემბრის ინფლაციის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის ცალკეული ნაწილის, ზოგიერთ მედიასაშუალებაში განმარტების გარეშე გავრცელებამ, საზოგადოებაში ტარიფებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები გააჩინა.

იქიდან გამომდინარე, რომ სამომხმარებლო ტარიფების დადგენის საკითხი ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ გაზსა და წყალმომარაგებაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) კომპეტენციას განეკუთვნება, ვალდებულად მივიჩნიეთ, საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.

ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფის ზრდა ბოლოს 2020 წლის დეკემბერში მოხდა. ეს იყო პირველი შემთხვევა 2017 წლის შემდეგ, როდესაც ტარიფი გაიზარდა, რაც განპირობებული იყო ელექტროენერგიის საიმედოობისათვის აუცილებელი საინვესტიციო პროექტების განხორციელებით და პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგებით.

ტარიფის დადგენისას სემეკმა გაითვალისწინა მხოლოდ ის ძირითადი და კომპანიების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ხარჯები, რომელთა გათვალისწინების გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა მომხმარებლებისათვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა. სემეკის მიერ გამჭვირვალე სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე დათვლილი ტარიფი ასახავდა მხოლოდ იმ აუცილებელ ხარჯებს, რომელიც უზრუნველყოფდა მომხმარებლების ელექტროენერგიით უწყვეტ და საიმედო მომარაგებას.

რაც შეეხება ბუნებრივ გაზს, საქართველოს უმეტეს ნაწილში 2017 წლიდან დღემდე 1 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის დაახლოებით 57 თეთრის ნიშნულზე რჩება.

2021 წელს, გაზის ტარიფი თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიის, „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის დაახლოებით იგივე დონეზე (53.9 თეთრი / კუბ.მ.) დადგინდა, რაც დანარჩენ საქართველოში აქამდე მოქმედებდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფი საქართველოში სტაბილურია. ბუნებრივი გაზის ფასი საბაზროზე ნაკლებია, მის ფორმირებაში მონაწილეობს ე.წ. შაჰდენიზის იაფი გაზი, რომლის მოცულობაც დაახლოებით 1 მლრდ კუბურ მეტრამდეა, მაგრამ საქართველოში გაზის სოციალური მოხმარება, რომელიც მოიცავს როგორც მოსახლეობას, ასევე თბოელექტროსადგურებს, ამ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად მეტია და მხოლოდ სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია, რომ სოციალური გაზის ფასი საბაზროზე გაცილებით ნაკლებია.

ამასთანავე, საპრივატიზაციო პოლიტიკის შედეგად, გაზის სამომხმარებლო ტარიფში არ აისახა ახალი გაზგანამაწილებელი ინფრასტრუქტურის ღირებულება.

2021 წელს საქართველოში ბუნებრივი გაზის მოხმარება 2,8 მლრდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა, რაც დამატებითი გამოწვევაა ქვეყნისთვის იმის ფონზე, რომ ევროპაში გაზის ფასი დაახლოებით 800 – 1000 აშშ დოლარის ფარგლებშია 1000 კუბურ მეტრზე.

მიუხედავად ამისა, საქართველოში ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი რჩება”, – აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

magti 5g