ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას მიმართავს, დაუყოვნებლივ იმსჯელოს ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე.
ჩივიაშვილის განცხადებით, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხზე იმსჯელა და დაადგინა, რომ მერაბიშვილი კვლავ პატიმრობაში უნდა დარჩეს, სასამართლომ კი კომისიის ადმინისტრაციული აქტი გააუქმა და მიუთითა, რომ არგუმენტები, რომელითაც მერაბიშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება, უსაფუძვლოა.
„სასამართლომ მიუთითა, რომ ის საფუძვლები, რომელიც მოყვანილი ჰქონდა ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას, არის უსაფუძვლო. ასევე, მიუთითა მათ, რომ ახლიდან იმსჯელონ და სხვა გადაწყვეტილება გამოიტანონ. ეს გადაწყვეტილება უკვე კანონიერ ძალაშია შესული, იუსტიციის სამინისტროს ის არ გაუსაჩივრებია სააპელაციო სასამართლოში. შესაბამისად, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია ახლა ვალდებულია, რომ იმსჯელოს კანონით დადგენილ ვადებში. როგორც წესი, ეს ვადები არის თვის 25 რიცხვიდან, შემდგომი თვის 5 რიცხვამდე და მოახდინოს ახალი სამართლებრივი აქტის გამოცემა. იმის გათვალისწინებით, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას, რაც ჩვენ გვქონდა გასაჩივრებული თავის სამართლებრივ აქტში ჩაწერილი საფუძვლები სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, რჩება ერთადერთი გამოსავალი, რომ მათ დაუყოვნებლივ იმსჯელონ და გაათვისუფლონ ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან,“ – განაცხადა ჩივიაშვილმა.