შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის, საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.
მერაბიშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის, განცხადებით, გადაწყვეტილება თბილისის დროით 14:30 საათზე გამოცხადდება.
2016 წლის ივნისში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის მიმართ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მერაბიშვილის განაცხადი განსახილველად გადაეცა სასამართლოს დიდ პალატას 17 მოსამართლის შემადგენლობით, რომლის წინაშეც საქმის განხილვა თავიდან დაიწყო.
ევროსასამართლოს 14 ივნისის გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლოს პალატამ, 7 მოსამართლის შემადგენლობით, ერთხმად დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი, თუმცა გაჩნდა კითხვის ნიშანი 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით, რასაც არ დაეთანხმა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და 2016 წლის 13 სექტემბერს ეს გადაწყვეტილება დიდ პალატაში გაასაჩივრა.
დღეს, ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლო გადაწყვეტილებას სწორედ საკნიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით გამოაცხადებს.