„გიორგი ბაჩიაშვილი არის დიდი გამოცდილების მქონე მეწარმე უნაკლო რეპუტაციით, რომელსაც ახლა დევნიან მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო“, – ამის შესახებ საერთაშორისო იურიდიული ფირმა Amsterdam & Partners-ის დამფუძნებელი პარტნიორი რობერტ ამსტერდამი აცხადებს.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის უფლებების დაცვის პროცესში საერთაშორისო იურიდიული ფირმა Amsterdam & Partners-ი ჩაერთო. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, იურიდიული ფირმა აპირებს ბაჩიაშვილის უფლებების დასაცავად იბრძოლოს.
სახელმწიფო ბრალდება გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინის მითვისებას ედავება
„ჩვენს ფირმას პატივი აქვს იყოს ბატონი ბაჩიაშვილის საერთაშორისო იურიდიული მრჩეველი და ჩვენ ვაპირებთ, აგრესიულად ვიმოქმედოთ მისი უფლებების დასაცავად და უდანაშაულობის დასამტკიცებლად ამ აბსურდული, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების შემდეგ. კარგად გვესმის, რომ ბრალდებების სათავე არ ეფუძნება არც ერთ ფაქტობრივ დასკვნას და არც სერიოზულ გამოძიებას, სამაგიეროდ, ბრალდებები, როგორც ჩანს, მიზანმიმართული დევნის შედეგია.
გიორგი ბაჩიაშვილი არის დიდი გამოცდილების მქონე მეწარმე უნაკლო რეპუტაციით, რომელსაც ახლა დევნიან მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ეს ბრალდებები ქვეყნის სირცხვილია და ჩვენ ვაპირებთ გავამართლოთ ჩვენი კლიენტი ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტით, როგორც ქვეყნის შიგნით – ჩვენს ადვოკატთან ერთად საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე“, – აღნიშნულია იურიდიული ფირმის მმართველი პარტნიორის განცხადებაში.