შეზღუდვა სოციალურ კონტაქტებზე, კომენდანტის საათი და მკაცრი კარანტინი – გერმანიაში აღნიშნული რეგულაციები აღარ გავრცელდება იმ პირებზე, ვინც ვაქცინირებულია, ან კოვიდ-19 უკვე გადაიტანა.
შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს მიიღეს, ქვეყნის მთავრობის განკარგულებას გერმანიის ბუნდესრატმა მხარი დაუჭირა.
ფედერალური მთავრობის წარმომადგენლების მტკიცებით, სრულად ვაქცინირებული და გამოჯანმრთელებული ადამიანები არ წარმოადგენენ საფრთხეს საზოგადოებისთვის და დაინფიცირების თვალსაზრისითაც, ნაკლები რისკის წინაშე დგანან, შესაბამისად, ხელისუფლების მოსაზრებით, მათი ძირითადი უფლებების შეზღუდვა აღარ არის გამართლებული.
შესაბამისი გაინიციატივა გერმანიის მთავრობამ 4 მაისს წარადგინა, ის ბუნდესტაგმა უმრავლესობით გუშინ დაამტკიცა, დღეს კი მას მხარი გერმანიის ბუნდესრატმა – ფედერალური მიწების წარმომადგენლობამ დაუჭირა.
მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც გაკეთებული აქვს ვაქცინის ორივე დოზა ან ვირუსისგან სრულად განკურნებულია, სავალდებულო არ იქნება კორონავირუსზე სწრაფი ტესტების გაკეთება იმ დაწესებულებებში ვიზიტის დროს, სადაც ასეთი მოთხოვნა არსებობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ პირები, რომლებსაც ეს შემსუბუქება შეეხებათ, არ გათავისუფლდებიან პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულებისგან.
მხარდაჭერილ ინიციატივას ქვეყნის მოსახლეობა არაერთგვაროვნად აფასებს – გამოკითხულთა 40 პროცენტი მიიჩნევს, რომ ყველას არ აქვს განვითარების შესაძლებლობა და რომ არსებითად არასწორია, ვაქცინირებულ და კოვიდგადატანილ ადამიანებს არ შეეხოს “ე.წ. “კომენდანტის საათი”.
55 პროცენტი კი აღნიშნავს, რომ ასეთი შემსუბუქება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.