LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„განადგურებული ვარ! თუ ჩემი შვილის რაიმე სახის ბრალეულობა დადასტურდა, კანონის წინაშე აუცილებლად მკაცრად პასუხს აგებს!“ – აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნის შვილი ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით დააკავეს

360
ნარკოდანაშაული

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსის, თამარ გუდავას 20 წლის შვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება უკვე წარუდგინეს. ფაქტს აჭარის კულტურის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი თამარ გუდავა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ „უხერხულობის თავიდან ასაცილებლად“ თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნით განცხადება დაწერა.

„ვარ მთლიანად განადგურებული! პირველ რიგში იმიტომ, რომ მე თავად არ ვიცი რა უბედურება ხდება ჩემს თავს! მეც ახლა ვარკვევ სიტუაციას. მინდა იცოდეთ, რომ თუ დადასტურდა ინფორმაცია ჩემი უფროსი შვილის რაიმე სახის ბრალეულობაზე, ის აუცილებლად აგებს მკაცრად პასუხს კანონის წინაშე!“ – წერს მაღალჩინოსანი facebook-ზე.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირის მიმართ ბრალის წაყენებაზე განცხადება პროკურატურამ გუშინ, 5 მარტს გაავრცელა.

გამოძიების ვერსიით, პირველ მარტს, ორმა პირმა პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანა და მდინარის პირას ე.წ. „ლოკაციებზე“ გასაღების მიზნით განათავსა.

„მათ ტელეფონის ფოტოკამერით, ადგილმდებარეობის კოორდინატების მითითებით, თითოეულ ლოკაციას ფოტოსურათი გადაუღეს, რათა შემდგომში ისინი ნარკოტიკული საშუალებების შემძენი პირებისთვის გადაეგზავნათ“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიების ცნობითვე, ორივე პირმა ნარკოტიკული საშუალება მოიხმარა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა.

ბრალდებული 2 მარტს დააკავეს. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტი) გათვალისწინებული დანაშაული.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

🔵 საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ➡️ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 მარტს, ორმა პირმა, შემდგომში გასაღების მიზნით, პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანეს და მდინარის პირას ე.წ. „ლოკაციებზე“ განათავსეს. მათ ტელეფონის ფოტოკამერით, ადგილმდებარეობის კოორდინატების მითითებით, თითოეულ ლოკაციას ფოტოსურათი გადაუღეს, რათა შემდგომში ისინი ნარკოტიკული საშუალებების შემძენი პირებისთვის გადაეგზავნათ. გამოძიების მიერ ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, აღნიშნულის შემდგომ ორივე პირმა მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება,რის შემდგომაც ერთ-ერთი მათგანი სავარაუდოდ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა. 🔗 ვრცლად: https://pog.gov.ge/news/prokuraturam-gansakuTrebiT-didi-odenobiT-narkotikuli-sashualebis-jgufurad-gasaRebis-mcdelobis-faqtze

Posted by საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia on Tuesday, 5 March 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g