„რიონის ხეობის მცველი“, სამოქალაქო აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, ისევე, როგორც მისი დედა, მარიტა მუსელიანი. სწორედ ის გახლავთ ჟურნალ „სარკის“ დღევანდელი ნომრის მთავარი გმირი. ის მიიჩნევს, რომ ვარლამი დიდი რისკის ქვეშ არის, რადგან დიდი ძალაუფლების მქონე ხალხს ეხება.
მარიტა მუსელიანი პასუხობს კითხვას, როგორ აფასებს ვაჟის პოპულარობას:
„არასწორად მიმაჩნია მისი ფიგურის ასე წარმოჩენა. რაც უფრო იქმნება მის გარშემო ასეთი დამოკიდებულება, მით უფრო დამამძიმებელია მისთვის. იმედია, მალე და მშვიდობიანად დასრულდება ეს ამბავი და დავისვენებთ ყველა… ნამეტანი აჟიოტაჟი ატყდა ჩვენი ოჯახის გარშემო რატომღაც. ჩვეულებრივი, ტრადიციული ოჯახი გვაქვს. მესმის, რომ ადამიანებს აინტერესებთ, მაგრამ არ გვინდა, პორტრეტები ვხატოთ ჩვენი ოჯახის წევრების და მერე ამაზე ილაპარაკონ…
ვარლამს ცნობილი სერიალის, „სამეფო კარის თამაშების“ მთავარ გმირს ადარებენ, მისი ფოტოები ტრიალებს მთელ სოციალურ ქსელში. ერთ-ერთ გმირს, დედოფალს, თქვენც მიგამსგავსეს…
არ მიხარია ეს ამბავი, მაგრამ ბუნებრივად ხდება ასეთი რაღაცები. ადამიანები აიტაცებენ რაღაც თემას და… ასეთი პოპულარობა არ არის არაფრის გარანტია. მერე შეიძლება, ვიღაცას რაღაც არ მოეწონოს და იმედი გაუცრუვდეს. მისი ლირიკულ გმირად გამოცხადება სულ არ მიხარია, მაგრამ არც შეწინააღმდეგება შემიძლია“.
