უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინაში შეიქმნება ერთიანი საინვესტიციო ოფისი, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი, ლევან ვარშალომიძე უხელმძღვანელებს.
„შემიძლია გაუწყოთ საინვესტიციო ოფისზე, რომელსაც სექტემბერში გავხსნით. ჩვენ იქ ბატონ ლევან ვარშალომიძეს დავნიშნავთ, რომელიც ბათუმს აშენებდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინული მედია, წერს რომ ვაშალომიძე ის ადამიანია, ვინც ბათუმი ააშენა და რომ ის მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლია.
„ვარშალომიძე 2004-2012 წლებში აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. ის მას შემდეგ დაინიშნა რეგიონში, რაც აჭარამ უმძიმესი პერიოდი გადაიტანა – 2004 წელს, რეგიონის ხელმძღვანელმა ასლან აბაშიძემ შეიარაღებული გადატრიალების მოწყობა სცადა, რის შემდეგაც მოსკოვში გაიქცა“, – ასე იხსენებენ საქართველოს უახლეს ისტორიას უკრაინულ მედიაში.
უკრაინის აღმშენებლობაში სულ უფრო ბევრი ქართველი ერთვება. შეიძლება ისიც ითქვას, რომ სერიალ „ხალხის რჩეულს“ რეალურ ცხოვრებაში ვადევნებთ თვალს.
უკრაინული სერიალი „ხალხის მსახური“ 2015 წელს გადაიღეს. მთავარ როლს უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი ასრულებს. სერიალი ისტორიის მასწავლებლის, ვასილი გოლობოროდკოს თავგადასავალს მოგვითხრობს, რომელიც მოულოდნელად ქვეყნის პრეზიდენტი ხდება.
პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ის გუნდის ქართველებით გაძლიერებას ცდილობს.