„ხელთ მაქვს მტკიცებულებები, თუ როგორ არის დაკავშირებული ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმე სწორედ „ქართულ ოცნებასთან“, რომელიც არა მხოლოდ ევროპელ პენსიონერებს, არამედ საქართველოს მოქალაქეებსაც ძარცვავს“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„6 მაისს, აღმაშენებლის გამზირის 75 ნომერში სამართალდამცავმა ორგანოებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს უსიტყვოდ, არაფერი განუცხადებიათ, მაგრამ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა მედიამ სცადა ჩემი და უკრაინელი პოლიტიკოსის გაშავება, თითქოს რაღაც ქოლცენტრებთან დაკავშირება. ეს იყო პირდაპირ სუსის მიერ დაგეგმილი ოპერატიული ლეგენდა, რომელსაც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე პროპაგანდისტული მედიები აწარმოებდნენ. მაშინ საზოგადოების წინაშე დავდე პირობა, რომ საქმეს ასე არ დავტოვებდი და ყველა დეტალს მივყვებოდი. ხელთ მაქვს მტკიცებულებები, რომელსაც მედიასაც გადავცემ, როგორ არის დაკავშირებული სწორედ „ქართულ ოცნებასთან“ თუნდაც ეს კონკრეტული შემთხვევა, ქოლცენტრების სქემა, რომელიც არა მხოლოდ ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, არამედ საქართველოს მოქალაქეებსაც, ამის არაერთი ფაქტი არსებობს.
რას ჰყვება ე.წ. ქოლცენტრის ყოფილი თანამშრომელი: „რაც მეტად აღწევდნენ საწადელს, უფრო აზარტულები ხდებოდნენ.. თანამშრომლები თვეში ათასებს გამოიმუშავებდნენ, უფროსი მენეჯერები 10 ათასამდეც ადიოდნენ..“
გაზეთი „კვირის პალიტრა“ ანონიმურობის დაცვით აქვეყნებს ინტერვიუს, რომლის რესპონდენტი, მათი ცნობით, რამდენიმე წლის წინ ახლობლის დახმარებით ქოლცენტრში მოხვდა სამუშაოდ.
13 აპრილს ვინმე მიხეილ არახამია არეგისტრირებს კომპანიას „ლაიონ 7“, რომელიც იმ დღესვე ქირაობს ფართს აღმაშენებლის 75-ში, სადაც სხვა სართულზე ჩემი ძმა ფლობს 10-ნომრიან სასტუმროს. ჩნდება კითხვა, ვინ არის მიხეილ არახამია, რომელიც აორთქლდა და გაქრა საერთოდ საქართველოდან. მიხეილ არახამიას ცოლი, ქეთევან თევდორაძე გახლავთ მალხაზ ამოიანის კომპანია შპს „რუდსის“ დირექტორი. თავის მხრივ, მალხაზ ამოიანი დასენების კლანთან ერთად, ჩაჩი დასენთან ერთად ფლობს „ბლექსი როქსს“, ქოლცენტრს, კომპანიას, რომელიც ძარცვავს როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ევროპელ პენსიონერებს. ჩაჩი დასენი არის კომპანია „ვიპ ტრეიდის“ დირექტორი, რომლის მეწილეები 2020 წლამდე იყვნენ ტიტალ დასენი და კნიაზ დასენი, ასევე არტურ არაბიანი. ეს ადამიანები გახლავთ „ქართული ოცნების“, პარლამენტის წევრის, ისკო დასენის ოჯახის წევრები.
ფულის გათეთრების გამო, ჩაჩი დასენი აქაურმა პროკურატურამაც კი მისცა პასუხისგებაში, რადგან ვეღარ დაიმალა, იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისკო დასენი და დასენების ოჯახი უარყოფს კავშირს, თითქოს 2020 წლის შემდეგ კავშირი არ აქვს ჩაჩი დასენთან.
არადა, მათი სხვა კომპანიის, შპს „მისო ლიდერის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, გიორგი გოგუაძე ამ წლის 24 აპრილის ჩათვლით, გახლდათ „ვიპ ტრეიდის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დასენების კლანის მიერ შექმნილი თაღლითური სქემის კომპანიის მთავარი წევრი. შესაბამისად, მე ხელთ მაქვს მთელი ეს მტკიცებულებები, რომელსაც გადავცემ მედიასაც და კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ დგას ქოლ-ცენტრების უკან. ამიტომ აჭიანურებენ ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას. არ უნდათ, შექმნან. რა მტკიცებულებებსაც ახლა მე წარმოგიდგენთ, დასაბუთებულია შპს-ების სარეგისტრაციო მასალებით, ამ ადამიანების ურთიერთკავშირებით. ეს არის იმ დიდი თაღლითური სქემის მხოლოდ ზღვაში წვეთი, რომლითაც ფინანსდება „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური პარტია, ფინანსდებიან და ზურგს უმაგრებენ ის სპეცსამსახურები, რომლებმაც ეს სპეცოპერაცია დაგეგმეს ჩემ წინააღმდეგ.
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მე და ჩემი ოჯახი, ასევე დავით არახამიაც, არის ცამდე მართალი ამ საქმეში. ვინმე თუ არის დამნაშავე, არიან ის ადამიანები, რომლებიც ხელს აფარებენ ამ დიდ თაღლითურ სქემას საქართველოში. ამ საქმეს კიდევ გავაგრძელებ და ევროპელ სამართალდამცავ ორგანოებს ყველა მტკიცებულებას წარვუდგენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ისკო დასენმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლის გიორგი ვაშაძის განცხადების პასუხად განაცხადა, რომ მას და მის ოჯახს არასდროს ჰქონია ე.წ. „ქოლ-ცენტრებთან“ კავშირი.
„სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრებს, არანაირი ურთიერთობა არასდროს არ გვქონია „ქოლცენტრებთან“ და საერთოდ ამ დანაშაულებთან“, – განაცხადა ისკო დასენმა.
ისკო დასენის თქმით, დასახელებული არიან ასევე მიხეილ არახამია, ზურაბ ლეშკაშელი, ქეთევან თევდორაძე და მალხაზ ამოიანი.
„ვაცხადებ, რომ არცერთს ამ დასახელებული პირებიდან არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრები არ იცნობენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშაძის ოჯახის წევრი მონაწილეობდა ამ დანაშაულის ჩადენაში. დღევანდელი განცხადებით ვაშაძე ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. ყველამ ვიცით, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ფარგლებს გარეთ.
დრო ყველაფერს გვაჩვენებს და დადგინდება, ვის მიერაა ჩადენილი ეს დანაშაულები. ვაშაძეს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, არც აქვს და ვერც წარმოადგენს“, – განაცხადა ისკო დასენმა.
ცნობისთვის, აღმაშენებლის გამზირზე სავარაუდოდ ქოლ-ცენტრების საქმეზე სპეცოპერაცია 6 მაისს ჩაატარდა. პოლიციამ სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე ერთი ოფისი და მესამე სართული მთლიანად დალუქა.
ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში.. ვეუბნები მათ, ვინც ცდილობს შებღალოს ჩემი რეპუტაცია – გიორგი ვაშაძე