„მე ველი საბოლოოდ გამარჯვებას, საბოლოო გამარჯვებაში იგულისხმება ესეც, რომ მაუწყებელი დაუბრუნდეს ხალხს“, – ამის შესახებ მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.
ქაჯაიას თქმით, როდესაც ხალხი გამარჯვებას დააკანონებს, ყველა ინსტიტუცია თავის ადგილს დაუბრუნდება.
„თვითონ სიტყვა გვეუბნება, რატომ უნდა ისმოდეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე საზოგადოების ხმა. ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა, მისი ფუნქციაც ეს არის და მისი არსიც.
ყველგან უნდა ისმოდეს ხალხის ხმა და განსაკუთრებით, იმ ინსტიტუციებსა თუ სტრუქტურებში, სადაც ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა.
მე ველი საბოლოოდ გამარჯვებას, საბოლოო გამარჯვებაში იგულისხმება ესეც, რომ მაუწყებელი დაუბრუნდეს ხალხს იმიტომ, რომ ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას, ჩვენ ვითხოვთ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის გამოხატვას, ჩვენ ვითხოვთ დამოუკიდებელ, თავისუფალ არჩევნებს და ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლებას, შესაბამისად, როდესაც ამ ყველაფერს მივაღწევთ და გამარჯვებას დავაკანონებთ, შემდგომ ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება.
ჩვენ არ გავჩერდებით იმიტომ, რომ რისთვისაც გვინდა თავისუფლება, ეს არის იმ საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელიც არ და ვერ შეეგუება უსამართლობასა და უკანონობას“, – განაცხადა ბაჩო ქაჯაიამ.
ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
ცნობისათვის, გზის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული მსახიობის, ბაჩო ქაჯაიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადება 18 თებერვლის 17:00 საათისთვის გადაიდო.
ვიდეო: „შენს თავისუფლებას ყოველდღე სჭირდება დაცვა“ – ბაჩო ქაჯაია