LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველობილიკები მეტროსადგურებამდე მივა: როგორ დაიგეგმება მარშრუტები

55

თბილისში ველობილიკების განვითარება იგეგმება. იმის გარდა, რომ ამ თემის წამოწევას სხვადასხვა ორგანიზაციები ცდილობენ, ველობილიკების მოწყობა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაშიც გათვალისწინებული იქნება.

 

ველოტრასების ახალი მარშრუტი თბილისში

როგორც „ფორტუნას“გენ.გეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, მამუკა სალუქვაძემ განუცხადა, განიხილება საგარეუბნო ზონებში  (მაგ. დიდ დიღომში, გლდანში) საველოსიპედო მარშრუტების კონკრეტულ გაჩერებამდე ან მეტრომდე მიყვანა. ბილიკების გაკეთებასთან ერთად, გენ.გეგმაში ველოსადგომების მოწყობაცაა გათვალისწინებული.

სალუქვაძის განცხადებით, ამის მოთხოვნა თბილისში არის, რადგან არსებობენ ველოსიპედისტები, რომელთა გადაადგილება ქალაქში საფრთხისშემცველია.

 

„მითია, რომ თბილისში ველობილიკების განვითარება არ შეიძლება. თუ ევროპული ქალაქები მოგვწონს, ამ სტილის ტრანსპორტიც უნდა გვქონდეს ქალაქში. ველობილიკები რა თქმა უნდა, ზემო ვაკეში ვერ გაკეთდება, თუმცა არაფერი არ უშლის ხელს იმას, რომ ვაკის პარკიდან რუსთაველამდე მოეწყოს ასეთი ინფრასტრუქტურა. ასევე, არსებობს სანაპიროები და ძალიან ბევრი ისეთი ტერიტორია, სადაც თავისუფლად შეიძლება ბილიკების მოწყობა“, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.


მისივე თქმით, ამ საკითხს სისტემური მიდგომა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ველობილიკები სრულიად უსარგებლო აღმოჩნდეს, არასწორი მარშრუტების გამო. როგორც სალუქვაძემ „ფორტუნასთან“ განაცხადა, ერთობლივი მუშაობის და სისტემური გააზრების შედეგად, თბილისი ველოტრანსპორტის განვითარების სრულყოფილ გეგმას მიიღებს.

“ეს მხოლოდ გენ.გეგმის თემა არ არის. ეს უნდა იყოს გათვალისწინებული ტრანსპორტის გენერალურ გეგმაშიც”, – განაცხადა სალუქვაზემ.

 

თბილისის გენგეგმა

თბილისის – კომპაქტური, მწვანე და კარგად დაკავშირებული ქალაქი. ეს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ორგანიზაციის მთავარი მიზანია. დოკუმენტზე საერთაშორისო კონსორციუმი და დარგის 200-მდე სპეციალისტი მუშაობს.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 15 აპრილს დასრულდება. შემდეგ ის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. დამტკიცებამდე სავარაუდოდ დედაქალაქს ხმაურიანი და საინტერესო განხილვები ელის.

 

ველოტრასებზე პარალელურად მერია მუშაობს

ამის პარალელურად, თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში დედაქალაქში, ველობილიკების მოწყობის პროექტს ამუშავებენ.

უახლოეს მომავალში, ქალაქში 25-მდე უფასო ველოსადგომიც დამონტაჟდება, ძირითადად ისეთ ლოკაციებზე, რომლებიც გარე კამერების ხედვის არეალშია.

პირველ რიგში კი მუშავდება მარშრუტი – დედაენის ბაღიდან ბაგრატიონის ხიდამდე და წრიულად (მტკვრის ორივე მხარეს) კვლავ დედაენის ბაღამდე.

ამ მარშრუტის პრაქტიკაში განხორციელება უკვე გაზაფხულზე იგეგმება. ველოტრასებისთვის ტროტუარის გარკვეული ნაწილი გამოიყოფა.

თამთა უთურგაშვილი

http://old.fortuna.ge/gazafkhulze-tbilisshi-velotrasebi-moewyoba/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები