5 მეტრიან ჩინურ „ვენერას“ერთი დამუხტვით 652 კმ-ს გავლა შეუძლია. ჩინური კომპანია LVCHI-მ ჟენევის ავტოსალონზე ელექტრონული სედანის პროტოტიპი წარმოადგინა და სიახლეს Venere დაარქვა. როგორც ფირმა ირწმუნება, კონცეპტის მიერ განვლილი მაქსიმალური მანძილი 652 კმ-ია. მოდელის გაბარიტული სიგრძე 5150 მილიმეტრი, სიგანე 2120 მილიმეტრი, სიმაღლე კი 1418 მილიმეტრია. როგორც ჩანს, Mercedes-Benz S კლასის ჩინური ვერსია ცოტა უფრო მოკლე, უფრო განიერი და დაბალი გამოვიდა.
სუპერქარი 4 ელექტროძრავითაა აღჭურვილი და მათი სიმძლავრე 1005 ცხენის ძალას აღწევს. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 286 კმ/სთ-ია. ვენერას სხვა მახასიათებლებს შორის საინტერესოა ისიც, რომ კარებები ორივე მხარეს იღება, სარკეების ნაცვლად კი მას კამერები აქვს დამონტაჟებული.