ვერ დაადგინეს პიროვნება, თუ ვინ გადმოუგზავნა ზაალ ლატარიას ეს ფაილი, – ამის შესახებ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების საქმეზე დაკავებული ზაალ ლატარიას ადვოკატმა განაცხადა.
ვახტანგ იაშვილის განმარტებით, ლატარიასთვის პატიმრობის შეფარდების კანონიერი საფუძველი არ არსებობდა.
“სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია საქართველოშია, არც კი ეპრებოდა ვინმეს ეჭვი, რომ ზაალ ლატარიას პატიმრობას შეუფარდებდნენ. პატიმრობის შეფარდების ვერც ერთ კანონიერ საფუძველზე, ვერც ერთ არგუმენტზე ბრალდების მხარემ ვერ მიუთითა.
ყოფილი პროკურორი ვარ და გული მტკივა, რომ დღევანდელი ხელისუფლება იყენებს ახალგაზრდა, ნიჭიერ პროკურორებს იმისთვის, რომ ქვეყნისათვის უსარგებლო და მავნე პრაქტიკა გააგრძელონ. საფუძველი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მიიმალებოდა, ან მტკიცებულებებს გაანადგურებდა, ამის დამადასტურებელი ბრალდების მხარეს არ გააჩნდა. ვერ დაადგინეს პიროვნება, ვინ გადმოუგზავნა მას ეს ფაილი. 15 რიცხვია, არაერთი 15 გავა და ამ პიროვნებას ვერ დაადგენენ, ისევე, როგორც მსგავსი კატეგორიის საქმეებზე ვერ დაადგინეს”, – აღნიშნა იაშვილმა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი სპეცრაზმელი ზაალ ლატარია პატიმრობაში დატოვა. გამოძიება მას ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერის შენახვასა და გავრცელებას ედავებოდა.პროკურორი ამბობს, რომ ლატარიამ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი ინტერნეტსივრცეში გაავრცელა და სხვა პირებს გაუგზავნა.