LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერ ვაჩვენეთ, რომ ევროპელები ვართ, დამარცხდება ქვეყანა და მხოლოდ მკვლევრებს დააინტერესებთ, ეს ირაკლი ღარიბაშვილის ბრალი იყო თუ ელენე ხოშტარიას: კოკი იონათამიშვილი

160
კოკი იონათამიშვილი

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება აუცილებელია. ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში კონკრეტული შედეგით ელოდებიან.

ორივე მხარე შეთანხმდნენ, რომ შეთანხმდებიან. თუმცა ამ დრომდე ჩვენ კონკრეტული შეთანხმება და გადაწყვეტილება არ გვინახავს.

4 დღე ბრიუსელში ვიზიტამდე - ვინ უნდა დათმოს, როცა გვინდა თუ არა უნდა შევთანხმდეთ

„პრემიერის ბრიუსელში ვიზიტი ძალიან მძიმე იქნება ნიკა მელიას ციხეში ყოფნის პირობებში“.

დაპირისპირების შედეგად დაზარალდება მთელი საზოგადოება. ევროპაში კი ერთი ორი ადამიანისა და მკვლევარის გარდა არავინ დაინტერესდება, ვის გამო მოხდა ეს. ოპოზიციონერი ლიდერის, თუ ხელისუფლების გამო. მთლიანად ქვეყანა დამარცხდება,  – ასე აფასებს შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას  „საქართველო – სამი ზღვის ინიციატივა“-ს წარმომადგენელი კოკი იონათამიშვილი „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად.

„ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ პრობლემა მოგვარდეს და ამისთვის დგამს ქმედით ნაბიჯებს. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ მან ამ მიზანს ვერ მიაღწია, შემდეგ შეიძლება მოხდეს გარკვეული გაუცხოება. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი პარტნიორი ევროპაში, რომელიც სკეპტიკურად უყურებს საქართველოს  ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მათ ექნებათ გაცილებით მეტი საბაბი, რომ თქვან, რომ  საქართველო არ იყო მზად იმისთვის, რომ ევროპული არჩევანი გაეკეთებინა.

შარლ მიშელის ვიზიტის დროს ჩვენს პოლიტიკურ ძალებს უნდა ეჩვენებინათ ერთადერთი რამ, რომ ისინი ევროპელები არიან. მაგრამ ჩვენ ეს მათ ვერ ვაჩვენეთ“.- ამბობს იონათამიშვილი.

იონათამიშვილის თქმით, როდესაც ასეთი მაღალი დაინტერესებაა შენი ქვეყნის პრობლემის მოგვარების, შენ ტაქტიკურად მაინც უნდა შეცვალო შენი გეგმები და დასძენს, რომ  ვერ ვაჩვენეთ, რომ ევროპელები ვართ.

„შარლ მიშელთან შეხვედრის წინ და შეხვდრის შემდგომ არანაირი დინამიკა და აქცენტები არც პოზიციას და არც ოპოზიციას არ შეუცვლია. ის წასულიც არ იყო თბილისიდან, რომ ოპოზიციამ პიკეტირება მოახდინა პარლამენტის.

ხელისუფლებამ კი მათ ხისტი განცხადებებით უპასუხა და აქტივისტები დააკავა. ეს ყველაფერი არანაირ დიპლომატიაში არ ჯდება და არც გონივრულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. ევროკავშირის ასეთი მაღალი თანამდებობის პირი ძალისხმევას იჩენს და შენ ელემენტარული დიპლომატია მაინც უნდა გამოაჩინო და თუნდაც ტაქტიკურად შეცვალო შენი გეგმები“, – განმარტავს იონათამიშვილი.

მისი განმარტებით, ძირითადი პასუხისმგებლობა მოდის ხელისუფლებაზე.

„ბუნებრივია ძირითადი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე. თუმცა ოპოზიციასაც საკმაოდ დიდი ეფექტის  მოხდენა შეულია და თუ საქართველო აღმოჩნდა, რომ ამ ყველა ვიზიტის შემდეგ ვერ მოახდინა გარკვეული პოლიტიკური კონსოლიდაცია და ესკალაცია არ დაცხრა, ჩვენ ყველა დამარცხებული გამოვალთ.

მხოლოდ თქვენს კოლეგებს დააინტერესებს, ეს ვისი ბრალი უფრო იყო, ირაკლი ღარიბაშვილის, თუ ელენე ხოშტარიას. ზოგადად ევროპას ექნება ისეთი ხედვა, რომ მთლიანად საქართველო დამარცხდა, მთლიანად საქართველო გადაჰყვა შიდაპოლიტიკურ გამოწვევებს და არ ეყო პოლიტიკურ იშთიბლიშმენტის ისეთი ხედვა, რომ საკითხისთვის გლობალურად შეეხედა.

გლობალურად ხედვა კი არის ის, რომ გვინდა, თუ არ გვინდა, ვართ რთულ ეკონომიკურ პირობებში და პანდემია ყველაზე მეტად სწორედ ისეთ ქვეყნებს დააზარალებს, როგორიც ჩვენ ვართ.

პარტნიორთან მჭიდრო თანამშრომლობა გვჭირდება, სადაც პრობლემა გვაქვს. პრობლემა კი არის პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკური კრიზისი. მაგრამ პარტნიორ ქვეყნებთან შეხვედრაზე ამ თემაზე მეასეხარისხოვნად საუბრობენ. შეხვედრის დასაწყისში ისინი კითხულობენ, რა ხდება ნიკა მელიასთან დაკავშირებით. ახლა შეიძლება იკითხონ, რა ხდება „ტვ პირველთან“ დაკავშირებით“, – აცხადებს კოკი იონათამიშვილი „ფორტუნასთან“ საუბარში.

წამყვანის კითხვაზე, რატომ აღმოვჩნდით ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, კოკი იონათამიშვილი პასუხობს:

„პოზიციაშიც და ოპოზიციაშიც (არ მინდა ვინმე დავაკნინო), ბევრი იბრძვის უკეთესი საქართველოსთვის. რეალურად რაც არჩევნებიდან დღემდე ხდება, შეგვიძლია, 10-15 წინადადებაში ჩავატიოთ.

ჩატარდა არჩევნები, ვიღაცამ არ აღიარა. ამ ტურბულენტურ მდგომარეობაში ამდენი ხანი რომ დგას ქვეყანა, ისევ ვიმეორებ პირველ რიგში ხელისუფლების ბრალია. თუმცა მე ყოველთვის ვიყავ მომხრე, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო. დარწმუნებული ვარ, რომ შესულიყვნენ, ისინი გაცილებით უფრო ეფექტურები იქნებოდნენ თავიანთი მიზნების განხორციელების თვალსაზრისით.

დღის წესრიგია შესაცვლელი. დღეს საზოგადოების მთავარი პრობლემა არის ვაქცინაცია. დაინფცირებულთა რაოდენობა აუცილებლად მოიმატებს, იმიტომ რომ ჩვენ შეზღუდვები მოვსენით. შემდგომ დაიწყება კრიზისული ვითარება, სადაც არის ვაქცინა და რას აკეთებს ხელისუფლება.

ქართველი პოლიტიკოსები კონსოლიდაციის საჭიროებას ვერ აღიქვამენ. კონსოლიდაცია აღიქმება როგორც წარუმატებლობა, ამიტომ ხისტი დამოკიდებულება ცხოვრების წესია მათთვის.

ერთი ნაბიჯი უკან ორი წინ ასეთი რამ მათ აბსოლუტურად გაუგებრად მიაჩნიათ. მაკონსოლიდირებელი მესიჯით ვინც გამოვა, ის ლიდერის პოზიციას იმ წუთას დაკარგავს.

პარტიის ლიდერები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ ხისტი მესიჯებით შეიძლება ფონს გავიდნენ. აქედან გამომდინარე საკმაოდ რთულია, რომ კონსოლიდაციას მივაღწიოთ“,-ამბობს იონათამიშვილი.

15-17 მარტს მივემგზავრებით ბრიუსელში, უნდა ვიხელმძღვანელოთ ქართველი ხალხის ინტერესებით: ღარიბაშვილი

„ფორტუნასთან“ საუბარში მას ლიეტუვის მაგალითი მოჰყავს, როცა პოლიტიკოსები აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად შეთანხმდნენ და შედეგმაც არ დააყოვნა.

„რამდენიმე წლის წინ ლიეტუვაში იყო რთული პოლიტიკური ვითარება, მაგრამ პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომ ნატოში თუ მიიღებდნენ, არც ერთი პარტია არ იქნებოდა იმის წინააღმდეგი, რომ ქვეყნის მშპ 2 პროცენტზე ნაკლები გადაეხადა ბიუჯეტში. კონსოლიდაცია გააკეთეს ურთულეს საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკურმა მტრებმა და შედეგმაც არ დააყოვნა, რამდენიმე წელიწადში მიიღეს ნატოში.

ჩვენთან ასეთი რამ წარმოუდგენელია და შედეგად დაზარალდება მთელი საზოგადოება. ერთი ორი ადამიანისა და მკვლევარის გარდა არავინ დაინტერესდება, ვის გამო მოხდა ეს. ოპოზიციონერი ლიდერის თუ ხელისუფლების გამო და მთლიანად ქვეყანა დამარცხდება“,- ამბობს იონათამიშვილი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g