LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერ წარმოიდგენთ რას ნიშნავს ჩვენთვის იმ ემოციის დანახვა, როდესაც დეკორი სრულდება და პატარძალი დარბაზში შემოდის“ – როგორ შექმნეს ახალგაზრდა ქორწილის ორგანიზატორმა დებმა ტოპ ივენთ კომპანია

1113
რუსკა და თაკო გვარამაძეები

სადღესასწაულო და ბიზნესღონისძიებების ორგანიზება, დიზაინი, ფლორისტიკის მომსახურება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განსხვავებული კონცეფციის ქორწილები – სასიამოვნოდ ჟღერს, თუმცა ამ ყველაფრისთვის დაუღალავი შრომა, მუდმივი განვითარება და შემოქმედებითი უნარების მაქსიმალური გამოვლენაა საჭირო.

ივენთ კომპანია Geoworld Events ბაზარზე 2016 წლიდან მოღვაწეობს და მის პორტფოლიოში უკვე 700-მდე ზღაპრული ქორწილი, 100-ზე მეტი კორპორაციული საღამო და 14 მასშტაბური ტურისტული ღონისძიებაა. კომპანიას კი სათავეში ნიჭიერი დები – რუსკა და თაკო გვარამაძეები უდგანან.

როგორც თავად ამბობენ, ამ ყველაფერს საქმისადმი მათი სიყვარულით, დამკვეთებთან უშუალო და მეგობრული ურთიერთობებით მიაღწიეს, რაც დღემდე კომპანიის განსაკუთრებული ნიშაა.

საიდან დაიბადა Geoworld Events-ის შექმნის იდეა და როგორც მიაღწიეს დებმა წარმატებას კონკურენტულ გარემოში, რუსკა და თაკო გვარამაძეები „ფორტუნასთან“ საუბრობენ.

– მალე 8 წელი მიიწურება, რაც Geoworld Events არსებობს, მოგვიყევით საიდან გაჩნდა ივენთ კომპანიის შექმნის იდეა, რა იყო ძირითადი მიზანი, რის გამოც ამ მიმართულებით განვითარება გადაწყვიტეთ?

რუსკა გვარამაძე: კომპანიის დაარსებამდე რამდენიმე საკმაოდ დიდ კომპანიაში მარკეტერის პოზიციაზე ვმუშაობდი. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში, მარკეტინგის ფუნქციაში ძირითადად სხვადასხვა ტიპის პროდუქტის პრეზენტაციების, კორპორაციული საღამოების, უცხოელი პარტნიორების ვიზიტის ორგანიზება და მისი კოორდინაცია შედის, ასევე საახალწლო თუ სხვა დეკორის იდეის შემუშავება, სხვადასხვა მომწოდებლებთან კავშირი და ა.შ.

2016 წელს, ერთ-ერთ ღვინის კომპანიაში, იგივე პოზიციაზე მუშაობისას, ჩემი ახლო მეგობარი დამიკავშირდა და რჩევა მკითხა, ხომ არ ვიცნობდი კომპანიას, რომელიც საკმაოდ მსხვილი, უცხოური კერძო კომპანიის 150 დელეგატის ვიზიტის სრულ ორგანიზებას შეძლებდა… არ ვიცი რის საფუძველზე და რატომ, მაგრამ უცებ ვუპასუხე, ჩვენ გავაკეთოთ-მეთქი.

ჩემს მეგობარს გაეღიმა, რადგან რეალურად, ოფიციალურად არც კომპანია არსებობდა, არც პორტფოლიო და არც მარკეტინგული მასალა, რაც დამკვეთის ნდობას მოგვაპოვებინებდა… მაინც გადავწყვიტეთ გვეცადა. ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ საკმაოდ რისკიანი და უშიშარი ადამიანი ვარ, ამიტომაც არც ამ გამოწვევას შევუშინდი.

მეორე დღესვე დავარეგისტრირეთ კომპანია, რომლის სახელიც ერთ ღამეში მოვიფიქრეთ. მაშინ ვფიქრობდით, რომ ძირითადი მიმართულება ბიზნესტურიზმი და სხვადასხვა ტურისტული მომსახურება იქნებოდა, თუმცა, არ ვიცი, ალბათ გულმა მიგრძნო, მინდოდა სახელი, რომელშიც ყველა ის მომსახურება გაერთიანდებოდა, რასაც საქართველოში დამკვეთს შევთავაზებდით.

კომპანიის რეგისტრაციისთანავე დავიწყეთ დამკვეთ ჯგუფთან კომუნიკაცია, მაშინ ღვინის გამოფენაზე ბოსტონში გავფრინდი და კარგად მახსოვს როგორ ვაკეთებდი აეროპორტში ჩვენი კომპანიის საიტსა და ბროშურეების დიზაინს.

2-თვიანი კომუნიკაციის შემდეგ, აღნიშნულმა კომპანიამ შეკვეთა დაადასტურა და ასე დაიწყო Geoworld Events-ის ისტორია.

2016 წლის აპრილის თვეში, ჩვენმა კომპანიამ პირველ 150-კაციან ჯგუფს უმასპინძლა, ჯგუფური ტრანსპორტირება, განთავსება 5 ვარსკვლავიან სასტუმროში, 3-დღიანი კონფერენციის, საექსკურსიო ტურების, ვახშმების თუ ქართული მასტერკლასების ორგანიზება, ეს გახლდათ ის სერვისები, რაც ჩვენს თავზე ავიღეთ.

თაკო გვარამაძე: რა თქმა უნდა, იყო ნერვიულობაც, უძილობაც, მაგრამ ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ღონისძიებამ წარმატებით, უმაღლეს დონეზე ჩაიარა, რასაც დამკვეთის მხრიდან, ძალიან მალე, ოფიციალური მადლობის საოცარი წერილი მოჰყვა, ხოლო სულ რამდენიმე თვეში, ახალი, ისევ უცხოური დიდი ბანკის დელეგაციის ვიზიტი.

რუსკა: ჩვენი საქმიანობა ფაქტობრივად 24 საათიან ჩართულობას მოითხოვს და რადგან ჩვენი მეგობარი, (რომელზედაც უკვე გესაუბრეთ და კომპანიის დაარსებაში დიდი წვლილი მიუძღვის) ცალკე ბიზნესის მიმართულებითაც მოღვაწეობდა, დროის ნაკლებობის გამო, უკვე შემდეგ ღონისძიებებში ჩართვას ვერ ახერხებდა, ამიტომ მე და თაკომ ჩვენი საქმიანობა დამოუკიდებლად გავაგრძელეთ.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მას საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის Geoworld Events-ის დაარსებაში, რისთვისაც გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ.

–  დღეს უკვე Geoworld Events დამკვეთებს მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს, როგორ მოხვედით აქამდე, რას ფიქრობთ რა არის თქვენი განმასხვავებელი ნიშა?

რუსკა: ძალიან არ მიყვარს სიტყვები „ვერ გავაკეთებთ“, „ვერ მოვასწრებთ“, „არ გამოვა“, „ხვალ გამოგიგზავნით“ – აი ამ მიდგომამ დამკვეთებთან ძალიან სანდო,  მჭიდრო და საიმედო თანამშრომლობის ჩამოყალიბება განაპირობა.

მუდმივად ვცდილობთ ნებისმიერი დამკვეთის სურვილი არა 99%-ზე, არამედ 100-იდან 100%-ზე შევასრულოთ, გაუჩენელი გავაჩინოთ, როცა დღეს დაგირეკავენ, რომ ხვალ ღონისძიება აქვთ და უნდა ვუშველოთ.

თაკო: არაერთი გამორჩეული და მასშტაბური ღონისძიება გვაქვს ორგანიზებული, ერთ-ერთი გამორჩეული ჩვენთვის კერძო ღონისძიება იყო, რომლისთვისაც Gipsy King ჩამოვიყვანეთ.

ასეთი შედეგისთვის 28 საათიანი გრაფიკით ვმუშაობთ. ვფიქრობ, საამაყოა როცა დამკვეთები შენი მეგობრები ხდებიან. ამის დასტურია ისიც, რომ ყველა ქვეყანაში, რომელშიც ჩავდივართ, გამორიცხულია რომელიმე დამკვეთმა მაინც ვახშამზე არ დაგვპატიჟოს.

–  რაკი ქორწილი ახსენეთ, რაც ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე ამაღელვებელი და დასამახსოვრებელია.. გვითხარით, რა სირთულეებს აწყდებით, როგორ გეგმავთ, როგორ ქმნით კონცეფციას და უფრო კონკრეტულად, კიდევ რას მოიცავს ამ ეტაპზე თქვენი მომსახურება?

თაკო: პირველი ორი წელიწადი ჩვენი მიმართულება სრულად MICE ტურიზმი გახლდათ, თუმცა ისე როგორც კომპანიის შექმნა იყო მოულოდნელი, ასევე უცაბედად მოვხვდით ქორწილებისა და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების სფეროშიც.

არასდროს დაგვავიწყდება ჩვენი პირველი წყვილი, იმხელა სითბო მოდიოდა მათგან, მეც და რუსკაც მივხვდით, რომ ეს სფერო ძალიან მოგვწონდა, ქორწილმაც ძალიან წარმატებულად ჩაიარა. როდესაც პატარძლის პირველი შეფასება მივიღეთ, ორივეს ცრემლები მოგვდიოდა სიხარულისგან, ეს შეფასება ახლაც ჩვენს გვერდზე დევს.

რუსკა: ამ ეტაპზე ქორწილების მიმართულებით, ჩვენს მომსახურებაში ქორწილების სრული ორგანიზება, დღის კოორდინაცია, დიზაინი და ფლორისტიკა შედის.

მარტივად რომ ვთქვა, ჩვენთან პატარძალი მოდის, ან რეკავს სადღაც შორეული ქვეყნიდან და მხოლოდ თავის სურვილებს გვეუბნება, ჩვენ კი ამ სურვილებს რეალობად ვაქცევთ.

ვუქმნით ქორწილის კონცეფციას, სცენარს, გვაქვს მოლაპარაკება სხვადასხვა მომწოდებლებთან, იქნება ეს ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი, მუსიკალური ბენდი, წამყვანი თუ ა.შ. შემდგომ კი, ქორწილის დღეს, სცენარის მიხედვით ამ ყველა დეტალს ვაკონტროლებთ, რომ ის დღე აბსოლუტურად დაუვიწყარი იყოს.

თაკო: მეგობრები გვეხუმრებიან ხოლმე, ჯენიფერ ლოპესის ფილმის გმირებივით ხართო. როდესაც ქორწილის ორგანიზატორი ხარ, იმ სირთულეებისთვის მზად უნდა იყო, რასაც ჩვენ გავდივართ.

მაგალითად, გადაბმულად რამდენიმე ღამე უძილობა, როდესაც მასშტაბური ქორწილის დეკორს და ორგანიზებას ერთად აკეთებ, სტრესი, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. ქორწილის დღეს ყველა ელემენტი ძალიან ყურადსაღებია და რა თქმა უნდა, სანამ ყველაფერი არ დასრულდება, ბევრს განვიცდით ხოლმე.

– ყველა ის მომსახურება, რასაც Geoworld Events დამკვეთებს სთავაზობს, განსაკუთრებით კი დეკორაციები, შემოქმედებით პროცესთან, ხედვასთანაა დაკავშირებული და ეს მხოლოდ შრომით ვერ მიიღწევა. გვითხარით, მანამდე რაიმე გამოცდილება გქონდათ ამ სფეროში საქმიანობის და ძირითადად ვინ არიან თქვენი დამკვეთები?

რუსკა:  არანაირი გამოცდილება არ გვქონია, თაკო იურისტია, მე მარკეტერი. თუმცა, დედაჩემს სიგიჟემდე უყვარს ყვავილები, მათი ფერები და სილამაზე ბავშვობიდან ჩვენი ცხოვრების ნაწილია.

დეკორატორის საქმიანობა, მხოლოდ ყვავილების კომპოზიციის შექმნა არ არის, საკმაოდ ხშირად გვიწევს დეკორაციისათვის სხვადასხვა მასალებზე ფიქრი, ფიზიკურად მათი შექმნა და დამზადება, ხელოსნებთან ურთიერთობა.

თავიდან ძალიან უკვირდათ, როდესაც გოგოებო მივდიოდით და არც ერთი ხელსაწყო ჩვენთვის უცხო არ იყო. მამა ძალიან პრაქტიკული და მშრომელი ადამიანია, ჩვენს სახლში ნაკლებად გვინახავს ხელოსანი, რადგან თითქმის ყველაფერს თავისი ხელით აკეთებს, ჩვენც ხშირად მივხმარებივართ, ამიტომ ეს სფერო, ჩვენთვის უცხო ნამდვილად არ იყო.

როდესაც მივხვდით, რომ ეს საქმე საკმაოდ კარგად გამოგვდიოდა, ნელა-ნელა დავიწყეთ სხვადასხვა გამოფენებზე სიარული, ინვენტარის ბაზის შექმნა, რაც მუდმივად გრძელდება და ჩვენს საწყობს ახალ-ახალი აქსესუარები, დეკორები ემატება.

თაკო: მეგობრებს, დამკვეთებს ძალიან ეცინებათ ხოლმე როდესაც კლასიკურად ჩაცმულს გვხედავენ, რადგან ჩვენი ყოველდღიურობა ჯინსებითა და ბოტასებით ღამის თენებაა, ხან ყვავილების ბაზარში,  ხანაც ელიავაზე.

რაღაცნაირად გონებაში მაქვს ჩაბეჭდილი, რომ დღის ბოლოს, რაც არ უნდა დაღლილმა გადავწყვიტო დაძინება, სულ მაქვს შეგრძნება, რომ შეიძლება ვიღაცას დასჭირდე, უნდა ავდგე და აუცილებლად კიდევ გავაკეთო. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ამ სფეროში მოდუნება ძალიან რთულია.

ვერ წარმოიდგენთ რას ნიშნავს ჩვენთვის იმ ემოციის დანახვა, როდესაც დეკორი სრულდება და პატარძალი დარბაზში შემოდის, დღესასწაულის დასრულების შემდეგ კი 500 ადამიანი მადლობას გიხდის.

ეს ყველა ღამის თევის, გაჭრილი და დამწვარი თითების აბსოლუტური კომპენსაციაა. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ეს არის სფერო, სადაც ერთხელ თუ შედგი ფეხი და მოგწონს, ვეღარ გამოდიხარ.

–  გარდა იმისა, რომ ორგანიზების პროცესში უშუალოდ თქვენ ხართ ჩართული, ამ საოცარი სილამაზეების შექმნაში ვინ გეხმარებათ, რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული და რას გვეტყვით Geoworld Events -ის სამომავლო გეგმებზე, რადგან როგორც უკვე აღინიშნა ამ სფეროშიც კონკურენცია დღითი დღე იზრდება…

რუსკა: ძლიერი, სანდო და დაუღალავი გუნდი, ყველა კომპანიის წარმატების საწინდარია, თუმცა ამის შექმნამდე ძალიან ბევრი ღალატი და იმედგაცრუება გავიარეთ. ამ ეტაპზე 6 ძალიან ნიჭიერი გოგო გვყავს დასაქმებული, თუმცა ასე ნათქვამი არ მომწონს, ამ ეტაპზე რვანი ვართ.

ჩვენს კომპანიაში არ არსებობს ოფიციალური და ცივი დამოკიდებულება, ეს გოგოები ჩვენი ოჯახის წევრები არიან, რომლებსაც ვენდობით და ვეყრდნობით.

მათ გარდა გვყავს სანდო და ერთგული პარტნიორები: რესტორნები და სივრცეები, სატრანსპორტო კომპანია, ყვავილების მომწოდებლები, განათებისა და ხმის ტექნიკური ჯგუფი, სარეკლამო კომპანიები, საკონდიტრო, ფოტოგრაფ/ვიდეოგრაფები, ბენდები, მომღერლები, წამყვანები, დიჯეები, რომლების გარეშეც ჩვენი საქმიანობა და ვერც ერთი ღონისძიება წარმატებული ვერ იქნებოდა, რისთვისაც თითოეულს უდიდესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ.

თაკო: რაც შეეხება კონკურენციას, თუ იმას გავითვალისწინებთ რომ 2025 წლის ქორწილების ჯავშნები უკვე ჩანიშნული გვაქვს, კონკურენციის ნამდვილად არ გვეშინია.

ჩვენ ჩვენი სახელი გვაქვს, ჩვენი ხარისხი და შესაბამისად, პირიქით მოხარული ვიქნებით თუ ეს ბაზარი მეტად განვითარდება, მუშაობაც და წინსვლაც უფრო საინტერესო იქნება.

აქვე ერთ ეტაპს გავიხსენებ, პანდემიის დროს, როცა ჩვენი სფერო საერთოდ გაჩერდა და ყველა ერთმანეთის გამხნევებაში ვიყავით, რუსკამ ფლორისტიკის და ივენთ დეკორის კურსი მოიფიქრა.

აღნიშნული კურსის მიმდინარეობისას, 1 თვის განმავლობაში მოსწავლეებს სრულად ვასწვალიდით ღონისძიებების და ქორწილების გაფორმების ყველა დეტალს.

ხშირად გვეკითხებოდნენ, არ გეშინიათ კონკურენტებს რომ ზრდითო, ნამდვილად არ გვეშინია, რადგან როგორც აღვნიშნე, ძლიერი მაშინ ხარ, როცა ბევრში გამოირჩევი. 75 მოსწავლე გავუშვით და მათგან რჩეულები დღეს ჩვენი გუნდის წევრები არიან.

რუსკა: ახლა ახალი წელი მოდის, ამ პერიოდში ძალიან დატვირთულები ვართ, იწყება გარე ფასადებზე, სავაჭრო ცენტრებში, მაღაზიებსა და დიდ ორგანიზაციებში ვიზუალურ გაფორმებაზე მუშაობა. გეგმა ჯერჯერობით ის არის, რომ ეს დატვირთული პერიოდი გადავაგოროთ და დანარჩენს გეგმებს მალე თქვენი თვალით ნახავთ.

– და სულ ბოლოს, ვიცი, რომ ეს ორი წარმატებული გოგო დედებიც ხართ.. მათზე მოგვიყევით, რას საქმიანობენ და თქვენ რამდენად ახერხებთ შვილების ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას?

თაკო: ჩვენი შვილები უკვე დიდები არიან. ჩემი შვილი ანა 19 წლისაა, რუსკას ათუ კი 18 წლის.
სამწუხაროდ, ჩვენი გრაფიკის და ცხოვრების გამო, მათთან ონლაინ გვიწევს კომუნიკაცია, თუმცა უკვე თავისი ცხოვრება აქვთ, ათუკა ძალიან წარმატებულ კომპანიაში მუშაობს, ანა სწავლობს.

ხშირად ვერ ვესწრებით მათთვის მნიშვნელოვან ღონისძიებებს და მომენტებს, რაზედაც ძალიან გული გვწყდება.

ათუკას ბოლო ზარზე, რუსკა პატარძლის კაბას გადასაკეთებლად დაატარებდა, რადგან შეკვეთა წინა ღამეს ჩამოუვიდა და ქორწილამდე 2 საათი იყოს დარჩენილი. მერე მოვარდა 15 წუთით, ჩაეხუტა მის შვილს და ისევ გავარდა, აი ასე ვცხოვრობთ…

magti 5g