LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერიკო ტურაშვილი: „თემო საჯაია „ოქროს ტალღაზე“ ჩემ გვერდით იჯდა და მთელი საღამო მე მიყურებდა…“

ვერიკო ტურაშვილმა და თემო საჯაიამ გასულ წელს „ოქროს ტალღის“ დაჯილდოების ცერემონიაზე დუეტით „თოვს“, რომლის მუსიკაც და ტექსტიც თემოს ეკუთვნის, ორ ნომინაციაში გაიმარჯვეს, გახდნენ „მიუზიკბოქსის“ რჩეულები და მოიპოვეს გამარჯვება „წლის დუეტის“ კატეგორიაში.

„ოქროს ტალღის“ მნიშვნელობისა და მოპოვებული ჯილდოების შესახებ ვერიკოსა და თემოს სასტუმრო „ადამოში“ ვესაუბრეთ.

„ოქროს ტალღა“ ახლოვდება. გავიხსენოთ წინა წლის ემოციები, როცა ორ კატეგორიაში გაიმარჯვეთ.

ვერიკო:

წინა წლის ემოციები მთელი წელი გამყვა და არაფერი გამიკეთებია, რადგან მეგონა, რომ უკვე ყველაფერი გავაკეთე (იცინის). მოგეხსენებათ, ზოგადად არ ვარ ამბიციური ადამიანი, მით უმეტეს, პროფესიულ საკითხებში, მაგრამ ვფიქრობ, რომ წარდგენილ,ნამუშევრებს შორის ჩვენი სიმღერა ერთ-ერთი კარგი ნამუშევარი იყო, ველოდებოდით, რომ ვყოფილიყავით ნომინაციებში და გაგვემარჯვა კიდეც.

სიმღერით „თოვს“ ორ ნომინაციაში გავიმარჯვეთ, მოლოდინები გაგვიმართლა. ძალიან ბედნიერეები ვიყავით.ა ვიღეთ წლის დუეტის კატეგორია და ასევე გავხდით „მიუზიკბოქსის“ რჩეულები.

სცენაზე რომ ადიოდი, შენმა ჩაცმულობამ დიდი მოწონება დაიმსახურა…

(იღიმის) მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მრავალფეროვანი არ ვიყავი, და შავი კაბით და შავი ჩექმით ვიყავი, მაინც გამორჩეული იყო ჩემს ჩაცმულობებს შორის და ნამდვილად მოახდინა ეფექტი.

თემომ გითხრა კომპლიმენტი?

კი, მთელი „ოქროს ტალღა“ ჩემ გვერდით იჯდა და მე მიყურებდა (იცინიან).

თემო ასე იყო?

კი, ნამდვილად. იმ დღეს განსაკუთრებით დაატყვევა ყველა.

შენი ემოციებიც გვითხარი…

რაც შეეხება ემოციებს ჯილდოებთან დაკავშირებით, ძალიან დადებითი დამოკიდებულება მქონდა. ორ ნომინაციაში გამარჯვება არცთუ ხშირია, მგონი, არც მომხდარა „ოქროს ტალღაზე“. მთელი წლის განმავლობაში გამყვა ეს ემოციები, ბედნიერი და გახარებული ვიყავი ამ პრიზებით.

ვერიკო:

რა თქმა უნდა, გახარებული იქნებოდა, რადგან ოთხმაგად გაიმარჯვა, როგორც შემსრულებელმა და როგორც ავტორმა.

არ გსურდათ, რომ „ოქროს ტალღის“ წლევანდელ დაჯილდოებაზეც აღმოჩენილიყავით?

თემო:

შარშანდელმა ჩვენმა გამარჯვებამ ისე აწია თამასა, რომ ნაჩქარევი და დაუფიქრებელი ნაბიჯებისგან თავს ვიკავებდით. ძალიან სერიოზულად მივუდექით ახალ პროექტებს, რომლებზეც დიდხანს ვიმუშავეთ. ჩვენს ნამუშევრებს ძალიან მალე იხილავთ. ასე რომ, თამასა აწეულია და იმ ემოციებში ესეც შედის.

ვერიკო:

რა თქმა უნდა, ამით ჩვენი პასიურობა არ მართლდება. მე რომ მიმიშვა, ყოველდღე შემიძლია შევიდე სტუდიაში და ჩავწერო სიმღერები. შემიძლია, ერთი თვე შევიდე, არ გამოვიდე და სხვა ყველაფერი გავაჩერო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ არაფერი გვიკეთებია ამ წელს. უბრალოდ, დაემთხვა ისიც, რომ რამდენიმე თვე რთული ემოციური ფონი მქონდა და ვერ მივხედე შემოქმედებით ცხოვრებას.

მაქვს ორი სიმღერა, რომელთაგან ერთი ჩაწერილი მაქვს, მეორესთვის არანჟირება კეთდება. შარშან ერთი კვირის ინტერვალით ორი ვიდეო გამოვუშვი, ახლა კიდევ უფრო მეტად ნაფიქრია ეს პროექტები. ვმუშაობ საინტერესო ადამიანებთან ერთად, ასე რომ, ძალიან მალე მაყურებელი იხილავს ჩემს ნამუშევრებს.

ახალ დუეტზე რატომ არ იფიქრეთ?

თემო:

ამ ეტაპისთვის ის ერთი დუეტიც საკმარისია.

ვერიკო:

რატომაც არა, უბრალოდ, ორივემ უნდა მივხედოთ ჩვენს სოლოკარიერებს. შეიძლება, თემოს ძალიან ეწყინოს, მაგრამ მგონია, რომ ის ახლა იწყებს ნამდვილ შემოქმედებით ნაფიქრ ცხოვრებას. დუეტის ჩაწერაზე კი შეიძლება ვიფიქროთ. ზოგადად, მე და თემო ვთანამშრომლობთ, მუსიკალურად ერთმანეთთან მჭიდროდ ვართ დაკავშირებულები.

თემო, ვერიკოსგან შენიშვნებს როგორ იღებ?

გააჩნია, რაზეა საუბარი. თუ ერთმანეთს რამეს ვურჩევთ, ეს არ აღიქმება გულის ტკენის მცდელობად. როცა ადამიანები მეგობრობენ, კოლეგებიც არიან, ჯობია, ერთმანეთს თავად უთხრან კრიტიკული შენიშვნები, სანამ სხვა დაინახავს. ეს არის რჩევა, რომელიც უნდა მიიღო იმ ადამიანისგან, ვისაც მიიჩნევ კომპეტენტურად. დიდ წყენაზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი.

სამუშაო პროცესში გიჩხუბიათ?

ვერიკო:

არა, არც სხვა დროს. ერთადერთხელ რამდენიმე დღით გაგვებუტა მე და რამდენიმე ადამიანს. თემომ ჯერაც არ იცის საკუთარი შესაძლებლობები. ის არის ძალიან კარგი ავტორი, გარდა იმისა, რომ საუკეთესო შემსრულებელია. მასზე მზრუნველობის მომენტი მაქვს, თუმცა ამით საკუთარ თავზეც ვზრუნავ, რადგან თემო ჩვეულებრივ სიმღერებს არ წერს. თემოს მეგობრები სულ ვამხნევებთ, რადგან ცოტა პასიურია, როგორც სჩვევიათ ძალიან ნიჭიერ ადამიანებს. სხვათა შორის, გამხნევება მოქმედებს.

წლევანდელი „ოქროს ტალღისგან“ რას ელოდებით?

თემო:

ველოდები კიდევ დიდ მასშტაბებს. მექვსედ ტარდება და ვფიქრობ, კიდევ უფრო დახვეწილი და ხარისხიანი იქნება. ეს ტრადიციად იქცა. ველოდები უფრო კარგ ზეიმს, ვიდრე შარშან იყო. უკვე ვიცი, ვინ იქნება სპეციალური სტუმარი და ძალიან ველოდები (იღიმის).

ვერიკო:

დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი დაჯილდოების ცერემონიალი იქნება. რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ოთხი სხვადასხვა ფორმატის რადიო აქვს, მოდის სხვადასხვა ჟანრის მომღერალი და მოაქვს ახალი სიმღერები. ვიცი, რომ ბევრი რამ შეიცვალა სიმღერების შერჩევის თვალსაზრისით. ობიექტურობა ამ დაჯილდოებას არასდროს აკლდა და დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება. ვფიქრობ, რა ჩავიცვა, მერე რა, რომ სცენაზე არ მომიწევს ასვლა. დაველოდები შემდეგ დაჯილდოებას, სადაც მინდა, ჩემი სიმღერებიც იყოს წარმოდგენილი.

„ოქროს ტალღა“ არის ხარისხიანი და მასშტაბური დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც ყველას უნდა მოხვდეს, იყოს დაპატიჟებული და მით უმეტეს, გახდეს გამარჯვებული.

ფოტო: დათუნა აგასი

ლოკაცია: სასტუმრო „ადამო“

ნინო მურღულია

„ოქროს ტალღის” წარმდგენია „ლიდერ ფუდი“. პარტნიორები: ოფიციალური ავიაგადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი“, ბალნეოლოგიური კურორტი თბილისი სპა. საინფორმაციო მხარდამჭერი “რუსთავი 2“.