LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერიკო ტურაშვილისა და კახა კუხიანიძის „დეკემბერი“ – ძველი სიმღერის ახალი ვერსია და ვიდეო

97

ზურაბ მჟავიას „დეკემბერი, დეკემბერი“ ალბათ, ყველა თქვენგანისთვის ნაცნობი მელოდიაა. ვერიკო ტურაშვილმა და კახა კუხიანიძემ ამ ცნობილ დუეტზე ერთად იმუშავეს და მისი ახალი ვერსია შექმნეს. აღსანიშნავია, რომ კლავიშზე პაატა ანდრიაძე უკრავს, არანჟირება ძალიან სადა და ლამაზია, ვერიკოსა და კახას ხმები კი ძალიან მოუხდა მელოდიას.

კლიპის პრეზენტაცია 12 დეკემბერს, „ნაინ კლუბში“ შედგა, სადაც შოუბიზნესის წარმომადგენლები და მედია შეიკრიბა. ვიდეორგოლის ჩვენებას ესწრებოდა კომპოზიტორი ზურაბ მჟავია, რომელმაც ვერიკოსა და კახას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და აღნიშნა, რომ სიმღერის ახალი ვერსია ძალიან მოეწონა.

ვერიკო ტურაშვილი:

ეს არის ძალიან ძველი სიმღერა, დღეს გავიგე, რომ ზუსტად ჩემხელა ყოფილა, 35 წლის – ზურაბ მჟავიას ჩემი ყველაზე საყვარელი სიმღერა „დეკემბერი, დეკემბერი“, რომელსაც ყველასთვის საყვარელი მომღერლები ასრულებდნენ. მე და კახამ გადავწყვიტეთ მისი ჩაწერა, შემდეგ კი ვიდეოს გადაღებაც. იმედი მაქვს, ყველას მოეწონება.

კლიპის რეჟისორი არის ჩვენი ახლობელი ადამიანია, ძალიან ნიჭიერი, მაგრამ დიდი თხოვნა იყო, რომ მისი ვინაობა არ გაგვემჟღავნებინა. ჯერჯერობით ასე უნდა, შემდეგ არ ვიცი, რა იქნება (იღიმის).

გადაღებები მიმდიანრეობდა ცხვარიჭამიაში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე და ასევე – ერთ-ერთ ლაუნჯში.

კახა კუხიანიძე:

მე ვარ ძალიან ბედნიერი, როცა მიწევს ადამიანთან მუშაობა, მეგობრობა, მიყვარს, როგორც ადამიანი, მიყვარს მისი ტემბრი. მიხარია ეს განწყობა, რაც აქ ტრიალებს. ძალიან ვნერვიულობდი და ახლაც ვნერვიულობ, რაც ყოველთვის ახლავს ასეთ სიტუაციას. მიხარია, რომ ხალხს მოეწონა. მადლობა ვერიკოს, რომ ერთად შევძელით და გავაკეთეთ. მე და ვერიკოს იმდენი დუეტი გვაქვს უკვე, რომ რა თქმა უნდა, კიდევ შევმატებთ, მაგრამ სოლოსიმღერებზეც ვიზრუნებთ.

რაც შეეხება კლიპს, ის უცებ გადავიღეთ, პრეზენტაციაც უცებ დაიგეგმა. რაღაცნაირად ენთუზიაზმიც იყო, ენერგიაც.

არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო ბატონ ზურაბ მჟავიას, რომელსაც ძალიან მოეწონა ჩვენი ვერსია, ასევე პაატა ანდრიაძეს, რომელმაც არაჩვეულებრივად შეამკო კომპოზიცია, ასევე მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც კლიპზე იმუშავეს, რამაზ გუნავას, მარიკა ქურდუბაძეს, გეგი თევზაძეს და განსაკუთრებული მადლობა გიორგი ცაავას, რომელიც ძალიან დაგვიდგა გვერდით.

მაიკო კაჭკაჭიშვილი:

ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ნამუშევრით, ზოგადად, საღამოთი და კლიპით. პირველ რიგში, აღვნიშნავ პაატა ანდრიაძეს, რომელიც სასწაულ სილამაზეს უკრავს, ასევე ჰარმონიულ დუეტს, ძალიან უხდება კახასა და ვერიკოს ხმები ერთმანეთს. იშვიათად თუ მომეწონება ხოლმე აუდიო და ვიდეო ერთად. ამ შემთხვევაში კი ეს ყველაფერი ერთმანეთს, ჩემი აზრით, ძალიან მოუხდა.

რატი დურგლიშვილი:

მივულოცავ ვერიკოსა და კახას. არ ვიცოდი, რომ ახალ სიმღერაზე მუშაობდნენ. სიუპრიზი იყო, როცა კლიპის პრემიერაზე დამპატიჟეს. სულ სიახლეებს გვთავაზობენ და აქტიურად მუშაობენ. მთელი გულით ვუსურვებ, რომ ახალი წელი მათთვის წარმატებული იყოს, რადგან უამრავი ნამუშევარი წარმოადგინეს.

ჩემთვის „დეკემბერი“ ერთ-ერთი უსაყვარლესი სიმღერაა. ვერიკოსა და კახას გემოვნებაში ეჭვი არ გვეპარება. დუეტი თავიანთი ხედვით შემოგვთავაზეს. მე და მაკაც ვმღეროდით ამ სიმღერას, მაგრამ განსხვავებულად, ვერიკომ და კახამ კი სრულიად ახლებური ვერსია შემოგვთავაზეს. რაც შეეხება კლიპს, ექსპრომტულად გადაღებული კლიპების მომხრე ვარ, უფრო ლამაზი გამოდის. მშვენიერი ნამუშევარი გამოვიდა.

ნატო დუმბაძე:

ზოგადად, მივესალმები ძელი სიმღერების გათანამედროვებულ ვერსიებს, რადგან სხვანაირი ჟღერადობა მოდის. ძალიან თბილი, ტკბილი ნამღერია. ვულოცავ ვერიკოსა და კახას, ულამაზესი კლიპია, ბრავო!..

კლიპი, სადაც ცხვარიჭამიაში გადაღებული ლამაზი კადრებიც შევიდა, ინტერნეტსივრცეში ხვალიდან გამოჩნდება, მას შემდეგ, რაც მისი ტელეპრემიერა „პროფილის“ ეთერში შედგება.

 

ნინო მურღულია

ფოტოები ეკუთვნის ალექსანდრე სხულუხიას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g