LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვფიქრობ, პროცესი შეუქცევადია, ევროკავშირის ლიდერებისგან მივიღეთ მძლავრი გზავნილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე: ზალკალიანი

56
დავით ზალკალიანი

“ევროკავშირის ლიდერების მხრიდან გუშინ მივიღეთ კიდევ ერთი ძალიან მძლავრი გზავნილი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად”, – ასე აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრი მარსელში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ სამიტს.

დავით ზალკალიანი ფიქრობს, რომ პროცესი უკვე შეუქცევადია. მისივე თქმით, ეს პროცესი ფორმალურად დაიწყო რვა მარტს, როდესაც ევროპულმა საბჭომ მიმართა ევროკომისიას, რომ დაიწყოს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის კანდიდატის სტატუსის პროცედურებთან დაკავშირებული მოქმედებები:

“გუშინ გაიმართა მარსელში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტი. განცხადება, რომელიც იყო დაკავშირებული უკრაინაში მიმდინარე ომთან, იყო ყოვლისმომცველი უკრაინასთან მიმართებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ განცხადების ერთ-ერთი საკითხი იყო ასევე საქართველოსა და მოლდოვისთვის კანდიდატის საკითხის მიცემასთან დაკავშირებით პროცედურების დაწყება.

ვფიქრობ, ეს უკვე არის ერთგვარი საბოლოო ბეჭედი ევროკავშირის მხრიდან, რომ ეს პროცესი დაიწყო ფორმალურადაც და ეს იქნება შეუქცევადი. ახლა რას ველით ჩვენ, შემდეგი ეტაპი გახლავთ ის, რომ ევროკომისია კანდიდატის წევრებს გაუგზავნის შესაბამის კითხვარს და ეს იქნება ძალიან მოცულობითი, რომელიც მოიცავს ყველა ძირითად მიმართულებას, რაც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის კრიტერიუმის დასაკამყოფილებლად.

ამისთვის ჩვენ უნდა განვახორციელოთ სერიოზული საქმიანობა ყველა უწყებამ, როგორც აღმასრულებელმა ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებამ. უნდა იყოს ასევე ჩართული სამოქალაქო საზოგადოებაც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კითხვარი იყოს სათანადოდ შევსებული. ზუსტად იყოს პასუხები გაცემული ყველა იმ კრიტერიუმზე, რასაც მოიცავს ეს კითხვარი. შემდეგ, როდესაც მზად ვიქნებით, შევსებული ფორმით უნდა დაუბრუნდეს ევროკომისიას, რომელიც უკვე საბოლოოდ გადაწყვეტს სამივე ქვეყანასთან მიმართებით კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს. ეს არის პროცედურები, რომელსაც ჩვენ ველოდებით უახლოეს მომავალში”, – თქვა ზალკალიანმა.

მინისტრის განმარტებით, სამივე ქვეყნის კანდიდატის სტატუსის განხილვის პროცესი ერთიანად იქნება დაწყებული და შესაბამის პასუხებსაც ერთიანად მიიღებენ:

“ლიეტუვის პრეზიდენტის ეს განცხადება ჩვენ უნდა გავიგოთ ისე, რომ ეს იყო განცხადება, რომელიც გუშინ გავრცელდა. განცხადება ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს უკრაინასთან მიმართებით და უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში, იმ აგრესიის კონტექსტში, რა აგრესიაც მიმდინარეობს უკრაინის წინააღმდეგ. სწორედ უკრაინაზე იყო მთლიანად კონცენტრირებული განცხადება, მაგრამ ამ განცხადებაში უკრაინასთან მიმართებით, რა თქმა უნდა, გამომდინარე კრიტიკული ვითარებიდან იყო აქცენტები გაკეთებული.

განცხადებაში ასევე ცალკე არის გამოტანილი საქართველო და მოლდოვა, ეს არ ნიშნავს რომ ხდება ჩვენი დაცალკევება, მთლიანად სამივე ქვეყნის კანდიდატის სტატუსის განხილვის პროცესი ერთიანად იქნება დაწყებული და ერთიანად მივიღებთ ჩვენ შესაბამის პასუხებს. ევროკავშირის მიერ დაწესებულ ვადებში იქნება განხილვა.

ომმა უკრაინაში ეს პროცესი დააჩქარა, მაგრამ ჩვენც მზად ვართ, იმ შემთხვევაში, თუ კიდევ უფრო სწრაფად განვითარდა პროცესი, ჩვენც ადეკვატურად ვიმოქმედოთ. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩვენ განაცხადის გაკეთება გადაწყვეტილი გვქონდა 2024 წლისთვის, როდესაც არც უკრაინას და არც მოლდოვას გაკეთებული არ ჰქონდა, ჩვენ ვიყავით ერთადერთი ქვეყანა ასოცირებული ტრიოდან, ვისაც ეს განაცხადის გაკეთება უკვე საჯაროს გვქონდა განცხადებული, მაგრამ შექმნილმა ვითარებამ დააჩქარა პროცესები.

ასეთი ძლიერი გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, მომდევნო განვითარებაც ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ მთავარია, საქართველოს ევროკავშირი განიხილავს ამ ასოცირებული სამეულის ფორმატში.

“ისე არ უნდა იყოს გაგებული, რომ ჩვენ რაღაცნაირად განცალკევებული ვართ ამ პროცესისგან. პროცესი დაიწყო სამივე ქვეყანასთან მიმართებით, ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყანა გაივლის ამ პროცესს. გასაგებია ჩვენთვის ევროკავშირის ლიდერების ასეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება უკრაინის მიმართ და გასაკვირი იქნებოდა, რომ ასეთი მსგავსი მიდგომა არ ყოფილიყო”, – თქვა ზალკალიანმა.

პოპულალურები