ამერიკული ქალაქის სან–ფრანცისკოს მაცხოვრებლები რამდენიმე დღის წინ უცნაურ სანახაობას შეესწრნენ. 139 წლის ორსართულიანი სახლი ერთი ადგილიდან მეორეზე უჩვეულო მეთოდით გადაიტანეს. ტრანსპორტირებისთვის სატვირთო ავტომობილზე მიმაგრებული ბორბლებიანი პლატფორმა გამოიყენეს.
სან–ფრანცისკო მიწის ღირებულების მიხედვით ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქალაქია. მიწის ფასმა, რომელზეც უძველესი შენობა იდგა, ერთ დღესაც თავად სახლის ფასს გადააჭარბა. ისტორიული მნიშვნელობის გამო სახლის დანგრევა დაუშვებელი იყო, ამიტომ მეპატრონემ მისი სხვა ადგილას გადატანის გადაწყვეტილება მიიღო.
უჩვეულო ჩანაფიქრის ასასრულებლად სახლი ჰაერში აწიეს და ფუნდამენტის ქვეშ უზარმაზარი ბორბლებიანი პლატფორმა დაუმონტაჟეს. იმისათვის, რომ ისტორიული ნაგებობა ტრანსპორტირების დროს არ დაზიანებულიყო, ქუჩებში ხეებს ტოტებიც კი დააჭრეს, ზოგიერთ ადგილას საგზაო ნიშნები და ქუჩის განათებები მოხსნეს. ტრანსპორტირებისთვის სახლის პატრონმა 2 წელი და 400 ათასი დოლარი დახარჯა.
უძველესი სახლი ყოფილი მორგის შენობის გვერდით დადგეს და საკმარისი ადგილის გასათავისუფლებლად მორგის შენობა რამდენიმე მეტრით ჩაწიეს. მომავალში ორივე ნაგებობას ერთ საცხოვრებელ სახლად გააერთიანებენ და მასში 17 ბინა განთავსდება.