LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: აჩიკო ნიჟარაძის პირველი სოლოკონცერტი, დუეტი მეუღლესთან, მუსიკალური სიურპრიზები მომღერლისგან და აკადემიური ქართული შესრულება

1987
აჩიკო ნიჟარაძე

19 თებერვალს, თბილისის დიდმა საკონცერტო დარბაზმა სოლო მომღერლის, აჩიკო ნიჟარაძის სოლოკონცერტს უმასპინძლა. აკადემიური ქართული სიმღერა და შესრულება – ასე შეაფასეს დამსწრეებმა აჩიკო ნიჟარაძის პირველი სოლოკონცერტი, რომელიც 20-წლიანი კარიერის ერთგვარ შეჯამებად იქცა.

კონცერტის მუსიკალურ ნაწილზე იმუშავეს ნიკა ნიკვაშვილმა ორკესტრთან ერთად, ქეთი გაბისიანმა, ასევე პაატა ანდრიაძის ბენდმა, აჩიკოს აკომპანემენტი გაუწია ასევე მარიკა ოსიტაშვილმაც.

აჩიკო ნიჟარაძემ რამდენიმე სიმღერის პრემიერა შემოგვთავაზა და სცენა თავის მეგობრებთან ერთად გაიზიარა, იყო დიდი მუსიკალური სიურპრიზებიც.

დადგმის რეჟისორი გახლდათ ბაკურ ბაკურაძე, ხოლო კონცერტის ჩატარება შესაძლებელი გახდა თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.

კონცერტის სრულ ვერსიას ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ვნახავთ, აჩიკო ნიჟარაძის სოლოკონცერტის საინფორმაციო მხარდამჭერი გახლდათ რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“, რომელსაც მომღერალმა განსაკუთრებული მადლობა სცენიდან გადაუხადა.

კონცერტის გამორჩეულ ნაწილად იქცა გორის გოგონათა გუნდის გამოჩენა სცენაზე (ხელმძღვანელი – ნინო წიკლაური), გოგონათა გუნდმა რამდენიმე კომპოზიცია თავისი ჩართულობით სრულიად გამორჩეულად აქცია. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ „უშენოდ“.

გოგონათა გუნდთან ერთად, განსაკუთრებული არანჟირებით შესრულდა „ჯეირანიც“.

მაყურებელი გამორჩეული ოვაციებით შეხვდა რომა რცხილაძის სიმღერის „შენი თვალების ფერის“ შესრულებას, დარბაზი კომპოზიციის მერე, იქ მყოფ კომპოზიტორს ფეხზე წამოუდგა და ოვაციებით დააჯილდოვა.

აჩიკომ სცენაზე ასევე მოიხმო თავისი ცხოვრების მეგზური, მეუღლე ნუცა ქირია – წყვილმა რომანტიკული შესრულება შემოგვთავაზა.

აჩიკოსა და „თეატრალურის კვარტეტის“ უზადო შესრულებით მაყურებელმა ასევე ძალიან ისიამოვნა.

აჩიკომ კონცერტის განმავლობაში არაერთი დამახსოვრებული სოლოგამოსვლა შემოგვთავაზა.

დღის ბოლოს, მომღერალმა კონცერტი ემოციურად შეაფასა:

„უღრმესი მადლობა ყველას დაფასებისთვის, გვერდში დგომისთვის, სიყვარულისთვის. დღეს ჩემთვის ძალიან ემოციური დღე იყო. მადლობა ქეთი გაბისიანს და ბაკურ ბაკურაძეს იმ ყველაფრისთვის რაც თქვენ ჩემთვის გააკეთეთ. უკლებლივ ყველა მუსიკოსს, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილს და ორკესტრის ყველა მუსიკოსს, ასევე ბენდის წევრებს ლევან დეისაძეს, უჩა მეტრეველს, ზაზა ცერცვაძეს, დიტო საკანდელიძეს, ირაკლი მენთეშაშვილს, პაატა ანდრიაძეს უღრმესი მადლობა.

გორის გოგონათა გუნდს და მის ხელმძღვანელს ნინო წიკლაურს დიდი მადლობა. მადლობა „თეატრალურის კვარტეტს“ და „ქართული ხმების“ ბიჭებს, ჩემი ძმები ხართ, მიყვარხართ. მარიკა ოსიტაშვილს და ნათია პერანიძეს უღრმესი მადლობა ყველაფრისათვის. თქვენთან ერთად სცენაზე დგომა ერთი ბედნიერებაა. თამარ მახარაძე დიდი პატივისცემა და მადლობა შენ, მადლობა ანი კავლელიშვილს, ელენე გაბიჩვაძეს და სოფო ფირცხალავას გვერდში დგომისთვის. მაკა შავერდაშვილს უღრმესი მადლობა. მადლობა თითოეულ თქვენგანს, ჩემს უსაყვარლეს კომპოზიტორებს, მომღერლებს, მსახიობებს, ტელეწამყვანებს, ჩემს ყველა მეგობარს. მადლობა კულტურის სამინისტროს და ქ. თბილისის მერიას, ყველა სპონსორს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტში მიიღეთ მონაწილეობა და ბოლომდე მიმაყვანინეთ ეს კონცერტი. ტელეკომპანია „იმედს“ დიდი მადლობა საინფორმაციო მხარდაჭერისთვის, ასევე რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ უღრმესი მადლობა. მადლობა ჩემს ყველა გულშემატკივარს ყველა ძალიან მიყვარხართ და თქვენმა სიყვარულმა შემაძლებინა ეს ყველაფერი. ჩვენ სიყვარული აუცილებლად გაგვაერთიანებს!..“

მასალა და ვიდეო: ნინო მურღულია

magti 5g